თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კვლავ ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. „დაკავების მომენტში არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოქცევა, სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო“, - განაცხადა აბრამოვმა მოსამართლის კითხვის საპასუხოდ, მის მიმართ ჰქონდა თუ არა უფლებების დარღვევას ადგილი.

მისი ადვოკატის ინგა ჯაბანიშვილის განმარტებით, ბრალდებულს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია.

ამასთან ადვოკატის თქმით, პირადი ჩხრეკის და დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. ჯაბანიშვილის თქმით, დაკავებისა და ჩხრეკის დროს 15-მდე პოლიციელი იყო და ბრალდების მხარეს ნეიტრალური მტკიცებულება არ აქვს წარდგენილი, მათ შორის, ვიდეომტკიცებულება.

საქმის პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის განმარტებით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება 5 გრამამდე "მდმა" ამოიღეს.

ჭიტაძე ასევე პასუხობს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ნეიტრალური მტკიცებულება - ვიდეომასალა წარმოდგენილი არ არის. პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებაში 3 პოლიციელი მონაწილეობდა, აბრამოვი გაქცევას შეეცადა, მისი დაკავება წინააღმდეგობის გაწევის პირობებში მოხდა, რის გამოც, ვიდეოგადაღება ვერ განხორციელდა. მისივე თქმით, პოლიციელები შემდეგ დაემატნენ.

თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება