ზურაბ ჩხაიძე „ვივამედში“ შეყვანილ პატიმარზე - კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობს, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაყვანილი პატიმარი, 46 წლის იოსებ გორგაძე ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჩხაიძე აცხადებს, ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალურად ვერ ისაუბრებს, ინფორმაციას კი პენიტენციურ დაწესებულებას აწვდის.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პატიმარი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და აპარატულ მხარდაჭერაზე იმყოფება. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა.

დაზიანებების, კონკრეტული დიაგნოზის, მკურნალობის შესახებ, სრულ ინფორმაციას ვაწვდით პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს”, - განაცხადა ჩხაიძემ.

იოსებ გორგაძის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, პატიმარი ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.

ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები აქვს დალეწილი, ასევე ტვინის შეშუპება.

ცნობისთვის, იოსებ გორგაძის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გაავრცელა. როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი კლინიკა „ვივამედში" იმყოფებოდა, სადაც პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ლევან იოსელიანი გამოძიებას მოუწოდებს, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება