გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის მოთხოვნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ნაწილობრივ შეცვლილიყო, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ის არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიება კონკრეტულ მიზნებს და საფუძვლებს ემყარება. მისივე თქმით, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით, ბრალდებული შესაძლოა მიიმალოს და თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას.

ამასთან, მოსამართლის თქმითვე, ბაჩიაშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, კერძოდ კი, ის საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა, ასევე უნგრეთში ბინადრობის უფლება აქვს. გელაშვილის განმარტებით, მას არ გაუჭირდება მატერიალურ-ფინანსური რესურსების მობილიზება და მიმალვა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა სასამართლო პროცესზე დააყენა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ადვოკატი იმ დამატებითი ამკრძალავი ღონისძიებების გაუქმებას ითხოვდა, რაც ბაჩიაშვილს 2 500 000-ლარიან გირაოსთან ერთად აქვს დაწესებული.

ადვოკატის განმარტებით, ეს აკრძალვები პროპორციული არ არის.

მახარაშვილი ბაჩიაშვილისთვის ჩამორთმეული პასპორტის დაბრუნებას და საზღვრის კვეთის ნებართვას ითხოვდა, ვინაიდან მისივე განმარტებით, ბრალდებული ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, ჟენევაში ერთი დღით უნდა გაფრინდეს.

მახარაშვილის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი წარმატებული ქართველი ბიზნესმენია, მას 18 თვეა, დაყადაღებული აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე ყველა წილი კომპანიებში. მას შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, საქართველოში შემოიყვანოს ინვესტორები.

ადვოკატის თქმით, ბაჩიაშვილს ასევე საზღვრის კვეთის შეზღუდვა აქვს, რაც მის საქმიანობას აფერხებს, ის ამის გამო ვერ ხვდება ინვესტორებს.

მახარაშვილის თქმით, დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების შეცვლის მოთხოვნით მათ პროკურატურას 5-ჯერ მიმართეს, თუმცა, ის დაუსაბუთებელი მიზეზით, არ დაკმაყოფილდა.

ადვოკატი ასაბუთებდა, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არის.

მახარაშვილის განმარტებით, ბრალდებულს ბიზნესმენს გამოძიების მომდინარეობისას ოპერატიული თანამშრომლები დაჰყვებოდნენ, მისი ფარული ვიდეო თვალთვალი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხდებოდა, თუმცა, არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა, როცა მას მიმალვა უცდია.

„ეს ემსახურება იმას, რომ ჩემზე განხორციელდეს ზეწოლა და ბიზნესსაქმიანობა ვერ შევძლო“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა პროცესზე.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დაცვის მხარეს მიმართა კითხვით, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვების მცდელობა.

აღნიშნულს ადვოკატმა უპასუხა და განაცხადა, რომ ოქმი იყო შედგენილი, სადაც მითითებული იყო, რომ თუკი ბაჩიაშვილი საზღვარს დატოვებდა, ეს ბრალდების მხრიდან მიმალვის მცდელობად აღიქმებოდა, ამის გამო, ის გამტარ პუნქტთან არ მისულა.

პროკურორის თქმით, თუ ვინმე თვლის, რომ ქონება არასწორადაა დაყადაღებული, ნებისმიერ დროს შეეძლო მას შუამდგომლობის დაყენება, რაც აქამდე არ მომხდარა. პროკურორმა ასევე ისაუბრა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხეებზე. პროკურორი შუამდგომლობაში უთითებდა ბრალდებულის კავშირებზე საზღვარგარეთ. ასევე, დასძინა, რომ ბაჩიაშვილს აქვს რუსეთის ფედერაციის პასპორტიც და უნგრეთის ბინადრობის მოწმობაც.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას მისცემს 3 მოწმე.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო