აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით, 3 მაისამდე გაგრძელდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, ისევ 3 თვით, 3 მაისამდე გაგრძელდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

სხდომაზე პროკურატურა სადიგოვის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადის კვლავ გაგრძელებას შუამდგომლობდა.

სახელმწიფო ბრალმდებელი, ნანიკო ზაზუნაშვილი განმარტავდა, რომ პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, სადიგოვის პატიმრობა დამატებით, 3 თვით გაგრძელდეს.

მისი თქმით, ექსტრადიციის გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი იღებს და ახლა რელევანტური გარემოებების შესწავლა მიმდინარეობს. თუკი, მინისტრი მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილებას მიიღებს, აღნიშნულის აღსრულება 4 მარტამდე ვერ მოხდება.

ამასთან, პროკურორის თქმით, ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მას უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე და ის თავშესაფრის მაძიებელ პირად არ ითვლება.

ზაზუნაშვილის განმარტებით, პატიმრობის გარდა, სხვა ნაკლებად მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის რისკები მომატებულია.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი.

ადვოკატი შუამდგომლობდა სადიგოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლილიყო.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიდევ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.

სადიგოვი 12 სექტემბრიდან შიმშილობს, აღნიშნულის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება