გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში 5 თებერვალს დისტანციურად მისცემს ჩვენებას

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი 5 თებერვალს საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილია, ჩვენებას მისცემს.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაკითხვა მოითხოვა. ამის საფუძვლად პროკურორმა მათ შორის, დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.

დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა შეკითხვით მიმართა, პროკურორ მიხეილ სადრაძეს, თუ რა ადგილიდან უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა, რადგან ამის დაკონკრეტებას კანონი ითხოვს.

აღნიშნულზე სადრაძემ უპასუხა, რომ იმ ადგილიდან მოხდება დაზარალებულის დაკითხვა, რა მისამართიც გამოძიების ოქმშია მითითებული, კერძოდ კი, სოლოლაკიდან.

ადვოკატის განმარტებით, პროკურორმა შუამდგომლობაში 2 მიზეზი მიუთითა, რის გამოც ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვას ითხოვდა, კერძოდ კი, დაზარებულის ასაკი და სხდომის ხანგრძლივი ვადით მიმდინარეობა, ასევე ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხი.

მახარაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გამოძიების ეტაპზე გამოკითხვაში 5 საათზე მეტი დროით იღებდა მონაწილეობას, თან ისე, რომ მას შესვენებაც არ მოუთხოვია. ადვოკატის თქმით, დაუსაბუთებელია პოზიცია, რომ ასაკის გამო ის ვერ შეძლებდა გამოცხადებას.

ამასთან, მახარაშვილის განმარტებით, დაუსაბუთებელია მისი უსაფრთხოების ნაწილიც. კერძოდ კი, ადვოკატის თქმით, დაზარალებული პროკურატურაში გამოიკითხა, სასამართლოც ადმინისტრაციული შენობაა და საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილის უსაფრთხოება დაცული იქნება.

აღნიშნულზე პოზიცია დააფიქსირა ბაჩიაშვილმაც და აღნიშნა, რომ მისი მოლოდინი გამართლდა.

"მე ვთქვი, რომ ივანიშვილი აქ არ გამოცხადდებოდა და ეს სასამართლო ამის ასაცილებლად ვერაფერს გააკეთებდა. ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გამოდიოდა, მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო. შეუძლებელია იმის თქმა, რომ მისი ამ დარბაზში უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ეს გამოძიება მისი შეთხზული შურისძიებაა. ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, ნუ გახდებით იარაღი სხვის ხელში, მოიყვანეთ ივანიშვილი აქ",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

აღნიშნულზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები სასამართლოს შეურაცხყოფაა და რომ "სასამართლო მხოლოდ კანონის და ფიცის ერთგულია". მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბიძინა ივანიშვილი, 5 თებერვალს, დისტანციურად ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაიკითხება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს