ადვოკატის განცხადებით, გიორგი ოკმელაშვილი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ოკმელაშვილი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ოკმელაშვილის ადვოკატმა, კობა ბარამიამ განაცხადა, ისინი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ.

„ჩვენ არ გვქონდა არანაირი ობიექტური საფუძველი, რომ გვევარაუდა, რომ სასამართლოს შეიძლებოდა არათუ გაემართლებინა პირი, არამედ უფრო მსუბუქ შემადგენლობაზე გადმოეკვალიფიცირებინა. დღეს სასამართლომ, პრაქტიკულად, თვალი დახუჭა პოლიციელების მიერ გამოძიების ეტაპზე ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე და აპელირება გააკეთა იმაზე, თითქოს დაცვის მხარემ ეს მტკიცებულებები არ გამოიკვლია. რა მტკიცებულებებიც გამოვიკვლიეთ, იმ ნაწილშიც სასამართლომ არსებითად ხელი შეგვიშალა. თავიდანვე კლიმატი, დამოკიდებულება გამოჩნდა, მოსამართლემ დაკითხვის დროს ყველა კრიტიკული კითხვა მოგვიხსნა პოლიციელის დაკითხვის დროს, ამიტომ აზრი არ ჰქონდა სხვა პოლიციელების დაკითხვას, ეს ადამიანები არსებითად ეწინააღმდეგებოდნენ ბრალდების მხარის წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს. ჩვენ საბოლოო ჯამში ის შედეგი მივიღეთ, რასაც ველოდებოდით იმ დღიდან, როცა მოსამართლემ უსაფუძვლოდ გადადო სხდომები და შესაძლებლობა არ მოგვცა საქმეზე დასკვნითი სიტყვებით მიგვემართა. მას წინასწარ ჰქონდა აზრი ჩამოყალიბებული, რომ პირი დამნაშავე იყო.

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ეს ფორმალური ამბავია, მაგრამ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში და კონკრეტული პრეტენზიები გვექნება ოკმელაშვილის უფლებების დარღვევის ნაწილში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, - განაცხადა ბარამიამ.

გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.

დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია