როდესაც წლევანდელ და შარშანდელ აქციებს ვადარებთ, პოლიციის მოქმედება უფრო და უფრო ხდება მეტად ბრუტალური და დამაზიანებელი ადამიანების მიმართ. ეს არის საგანგაშო, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, წინა პერიოდთან შედარებით, სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ პოლიციის ქმედება აბსოლუტურად შეცვლილია, რაც შემაშფოთებელია.
„თუ ადრე 10 დაკავებულიდან მესამედი აცხადებდა არასათანადო მოპყრობაზე, ეს ციფრი 70-80 %-მდე. საბოლოო ჯამში, 100-ზე მეტი ადამიანი მოვინახულეთ, მთლიანობაში 400-ზე მეტი ადამიანი მოვინახულეთ. ფაქტობრივად ვინც დაკავებული იყო ყველა მოვინახულეთ. სტატისტიკა არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ პოლიციის ქმედება აბსოლუტურად შეცვლილია, თუ წინა პერიოდს შევადარებთ“,- განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, ერთ მხარეს უამრავი ნაცემი ადამიანია, მეორე მხარეს, გამოძიება დაწყებულია, მაგრამ არც ერთი პოლიციელი ან თანამდებობის პირი პასუხისგებაში მიცემული არაა.
თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებდა და ახორციელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი შეფასებებს გამოაქვეყნებს.
„რა ტერმინი უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ადამიანებს სცემენ, ასეთ მდგომარეობაში აგდებენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დაკავებულია და ბორკილები ადევს, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, რა ტერმინიც გინდათ იმ ტერმინით შევაფასოთ. მე ეს ტერმინი მომივიდა აზრად. რაც შეეხება სამართლებრივ ტერმინებს, მათ აქვთ მნიშვნელობა, რადგან ყველა სამართლებრივი ტერმინის უკან დგას კონკრეტული დანაშაულის სიმძიმის ხარისხი. ეს უკვე იმ უწყებების დასადგენია, რომლებიც მუშაობენ ამ დანაშაულის გახსნაზე. ერთ მხარეს უამრავი ნაცემი ადამიანი გვყავს და მეორე მხარეს, დაწყებული გამოძიება, მაგრამ არცერთი პოლიციელი ან თანამდებობის პირი პასუხისგებაში მიცემული არაა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური რამდენად ეფექტურად ახორციელებდა და ახორციელებს გამოძიებას ამ შეფასებებს აუცილებლად დავდებთ ჩვენ. ეს შეფასება გვექნება.
ვიღაცას სურს, რომ იმ ტექსტებით ვილაპარაკო, რაც მის ესთეტიკას შეეფერება. ვიღაცას უნდა ვიბილწსიტყვაო. არ გამოვა ასე. მე, როგორც სახალხო დამცველი ობიექტურ შეფასებას ვაკეთებ. ზედსართავებს კი არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ შეფასებას. ზედსართავები დარჩება ზედსართავების, ხოლო სამართლებრივი შეფასება დარჩება ჩემ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდება და ჩვენი პარტნიორები წაიკითხავენ “,- განაცხადა იოსელიანმა.