დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასანქცირების შესახებ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო ახორციელებს არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებს, რომლის სამიზნეც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ისრაელია.

აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლოს ბოლოდროინდელმა ქმედებებმა „საშიში პრეცედენტი შექმნა“, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკელებს „შევიწროებით, შეურაცხყოფითა და შესაძლო დაპატიმრებით“.

„ეს საზიანო საქციელი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების სუვერენიტეტს და ძირს უთხრის შეერთებული შტატების მთავრობისა და ჩვენი მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკურ მუშაობას. ორივე ერი [აშშ და ისრაელი] აყვავებული დემოკრატიებია და ჰყავთ შეიარაღებული ძალები, რომლებიც მკაცრად იცავენ ომის კანონებს", - ნათქვამია ბრძანებაში.

სანქციები ითვალისწინებს ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ან მოკავშირეების წინააღმდეგ.

დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას ხელი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონში ვიზიტის დროს მოაწერა.

გასული წლის ნოემბერში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ღაზაში ომის დანაშაულების ჩადენის ბრალდებით, ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გამოსცა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!