ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა, საქაერონავიგაციის, შსს იმერეთის რაჭა - ლეჩხუმი ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს ფარცხანაყანების განყოფილებამ, განაღმვის სამსახურის სპეციალურმა დანაყოფმა, ასევე, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში ძრავაზე ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ავარიულად ეშვება, რის შემდეგაც აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი. აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა.

მათივე ინფორმაციით, პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე ორგანიზაციის ჩართულობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა გაგა სანიკიძემ, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებმა სწავლების შედეგები გააანალიზეს.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმულაციური სრულმასშტაბიანი სწავლება ჩატარდა. სწავლება ორ ეტაპად იყო დაყოფილი: პირველ ეტაპზე, საჰაერო ხომალდიდან გადმოგვცეს ავარიული დაშვება, რაზეც ჩვენი მხრიდან სწრაფი რეაგირება მოყვა და მოხდა საჰაერო ხომალდზე ხანძრის ლიკვიდაცია. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ბაქანზე მდგარ საჰაერო ხომალდზე მოხდა ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა. მსგავსი სწავლებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პერიოდულად ტარდება. რაშიც მონაწილეობას იღებს აეროპორტის სამსახურები და ასევე, დასავლეთ საქართველოში არსებული სხვადასხვა სტრუქტურები“,- განაცხადა გაგა სანიკიძემ.

მათივე ინფორმაციით, გეგმური სწავლებისას ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული. სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. საერთაშორისო აეროპორტების შემდეგ, მსგავსი სახის გეგმური სწავლება წელს, ამბროლაურის აეროპორტშია დაგეგმილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს