კახა კალაძე - „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში მერია საჭიროებების მქონე ადამიანებს წელსაც დაეხმარება - 2024 წელს 101 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში, დაახლოებით 7,5 მლნ ლარი გადაირიცხა

თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა, რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც დაფინანსდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის თქმით, თბილისის მერია ბევრ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით.

„აღნიშნული პროგრამები მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ოჯახები და ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური), გადანერგვის წინა და შემდგომი პერიოდის მართვას სრულად აფინანსებს.

„თბილისის მერია, ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10 ათასიდან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს. 2024 წელს 101 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში, დაახლოებით 7,5 მლნ ლარი გადაირიცხა. გასულ წელს, ასევე, დავიწყეთ ახალი პროგრამის განხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნის მიზნით, ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის (HLA) განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსება დაიწყო. აღნიშნული კვლევა 133 მოხალისედ დარეგისტრირებულ და პოტენციურ დონორს დაუფინანსდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციას, კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, დღეისთვის, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება სრულად ხდება და ერთი მოქალაქისთვის 120 ათასი ლარი გამოიყოფა.

თბილისის მერის თქმით, პროგრამის დაწყებიდან - 2018 წლიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 50 შემთხვევა დაფინანსდა.

„აღნიშნული პროგრამის განხორციელების შედეგად, ათეულობით ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება და შენარჩუნება მოხერხდა. მინდა, ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო. ყველას, ვისაც აქვს გარკვეული საჭიროებები, მუნიციპალიტეტი მზადაა, გვერდში დაგიდგეთ, დაგეხმაროთ, დავაფინანსოთ, რათა ისარგებლოთ იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენი მხრიდან არის დანერგილი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, 2025 წლის ბიუჯეტში „ტრანსპლანტაციის პროგრამისთვის“ 10 მლნ ლარამდეა განსაზღვრული.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო