დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება

დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იწყება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის.

ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები ჩვენი დროის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენცია ცვლილებების გადამწყვეტ მომენტს ემთხვევა, მათ შორის ადმინისტრაციის ცვლილება აშშ-ში, ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ახალი ციკლი ბრიუსელში და კონფერენციიდან ერთი კვირის შემდეგ დაგეგმილი გერმანიის საპარლამენტო არჩევნები.

დღეს კონფერენციის მთავარი პროგრამა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის გლობალურ მმართველობაზე, დემოკრატიულ მდგრადობაზე, კლიმატის უსაფრთხოებაზე და ბევრ სხვა თემაზე ფოკუსირებით დაიწყება.

შაბათს გაიმართება დებატები საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობაზე, ასევე რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე. ყურადღება გამახვილდება ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალზე.

კვირას კი კონფერენცია მსოფლიოში ევროპის როლზე დისკუსიებით დასრულდება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ანგარიში, სახელწოდებით „მულტიპოლარიზაცია“, გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. კერძოდ, რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისა და გამოწვევების განხილვისას აღნიშნულია, რომ „რუსეთის გავლენა შეიძლება შემცირდეს კავკასიის კიდევ ერთ სახელმწიფოში, რადგან საქართველოს პრორუსული მთავრობა ცდილობს ჩაახშოს სახალხო აჯანყება, რომელიც გამოწვეულია მისი გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და ასევე 2024 წლის არჩევნებში მომხდარი დარღვევებით“. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პუტინის რეჟიმი უკვე ავრცელებს ბირთვულ საფრთხეებს და ახორციელებს აგრესიულ ჰიბრიდულ შეტევებს ევროპის ქვეყნებზე, არჩევნებში ჩარევის ჩათვლით, როგორც ეს ახლახან მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში გამოჩნდა. რუსეთის უკრაინაზე გამარჯვება გაამხნევებს მოსკოვს, გააძლიეროს ეს თავდასხმები და განახორციელოს თავისი იმპერიული ამბიციები პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია