სალომე ზურაბიშვილი - ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე

ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, ხოლო შემდგომ უკვე „ოცნების“ მიერ გამართლებული იყო ძალადობა პრეზიდენტის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აეროპორტში მასზე განხორციელებულ თავდასხმას, კერძოდ კვერცხების სროლის ფაქტს გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება.

მან თავდასხმა შეაფასა "პატარა კაცების პატარა ბოღმად" და განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ვერ მართავს საქართველოს და ერთადერთი, რასაც აკეთებს და შეუძლია, რეპრესიული ზომების მიღება და კვერცხის სროლაა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას და დასძინა: "ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მაშინ არ ვიცი, რისი ნიშანია".

„ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება.

დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, ხოლო შემდგომ უკვე „ოცნების“ მიერ გამართლებული იყო ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ, ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ მე კი არა, სახელმწიფოს არ სცემენ პატივს. ამ შემთხვევაში მე ვარ სიმბოლო, რასაც ებრძვის „ქართული ოცნება“ - ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას, ეს უკვე ძალიან დიდი ხანია დაავიწყდათ. საქართველოს სურათი მსოფლიოში, იმ დროს, როცა მიმიღეს მიუნხენში, ამერიკაში თუ პარიზში, ეს მათი რეაქცია არის მხოლოდ პატარა კაცების პატარა ბოღმა. ვერსად ვერ წავა ეს ბოღმა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა ხდება და რატომ ხდება. რეალურად ამას ვხსნიდი მე უცხოეთში, რასაც ღალატს ეძახიან - რომ საქართველო ამაზე ბევრად მეტია, რომ საქართველო ამაზე ბევრად დიდია და ესენი ვერ მართავენ საქართველოს, აღარც იციან რას ნიშნავს ქვეყნის მართვა და მმართველობა, ერთადერთი, რასაც აკეთებენ და შეუძლიათ, არის რეპრესიული ზომების ერთიმეორის მერე მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ სიტყვა "ხელისუფლება" არ მიყვარს ამათ შემთხვევაში, აღარ არიან ხელისუფლება, ესენი არიან რეჟიმი. სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, ასე იქცევიან. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მაშინ მე არ ვიცი რისი ნიშანია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან საზოგადოებას და პარტნიორებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, ზურაბიშვილმა ისაუბრა უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არსებობს, როცა წესრიგი და უსაფრთხოება დაცულია ყველასთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკური ხედვის გამო არ მოგწონს.

"ჩემი დღევანდელი მოწოდებაა საზოგადოებისთვის, რომელიც ღელავს და გასაგებია, რომ ღელავს, რადგან რაღაც არის რაც არავინ არ უნდა იკადროს, მაგრამ ესენი ყველაფერს კადრულობენ. მინდა მადლობა მოვახსენო საზოგადოებას გამოთქმული სოლიდარობისთვის, ასევე ჩვენს უცხოელ პატრიოტებს, საიდანაც წამოვიდა დიდი მხარდაჭერა. ეს ყველაფერი ავნებს ცხადია საქართველოს გარეთ იმიჯს, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ რანაირად შეიძლება ტურიზმზე რამე ვთქვათ, როცა აეროპორტში უსაფრთხოება არ არის დაცული. არც გუშინ წინ, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, „ოცნების“ ყოფილ პრემიერს, არც მაშინ არ იყო პოლიცია არსად და არც ამ დილით. ამ დილით უკვე ვიცოდით, ხომ იყო გავრცელებული, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო, ვიღაც ქალები ავრცელებდნენ, მე თუ ვიცოდი, ყველამ იცოდა და თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ეს იმასაც ნიშნავს, რომ რაღაც ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული. იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებული უყურებდნენ, რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში. სახელმწიფო არსებობს, როცა წესრიგი და უსაფრთხოება დაცულია ყველასთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავისი პოლიტიკური ხედვის გამო თუნდაც არ მოგწონს. სახელმწიფოს გვიკარგავენ დღითი დღე, მაგრამ ჩვენ ვდგავართ და ხალხი დგას, მე მათთან ერთად ვარ, თუნდაც როცა არ ვარ ქვეყანაში. არავინ იფიქროს, რომ ამის გამო მე არ წავალ და არ წამოვალ, სადაც საჭირო იქნება იქ წავალ და იქიდან ჩამოვალ იმიტომ, რომ ჩემი მოვალეობაა, ვიყო ხალხის ხმა და გამამხნევებელი, რათა გაგრძელდეს პროტესტი. ეს იქნება ბოლომდე, ბოლომდე მათთვის და ბოლომდე ჩემთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა