გრიგოლ გეგელია - „ქართულ ოცნებას“ არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ელიან, აღარ ესალმებიან და აღარ ეთანამშრომლებიან

როდესაც თვითმარქვია ხელისუფლება სრულად არის აცდენილი ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილ ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს, როდესაც ქმედუუნარო პარალიზებული პარლამენტი არ და ვერ ახდენს კონსტიტუციით გაცხადებული მიზნების განხორციელებას, ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და რუსეთის მსახური ხელისუფლების განდევნა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის დროს საქართველოსთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი იყო დარჩენილი და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ელიან, აღარ ესალმებიან და აღარ ეთანამშრომლებიან.

„ევროპული კავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს გუშინდელ შეხვედრას ესწრებოდა ყველა კანდიდატი და წევრობის მსურველი სახელმწიფო, მაგრამ ერთი სკამი იყო ცარიელი. გუშინ ამ სკამზე უნდა მჯდარიყო ხალხის მიერ არჩეული, ლეგიტიმური, პროქართული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ხალხის 84%-ის სახელით მოეთხოვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივ გახსნა. მაგრამ, გუშინ ეს სკამი იყო ცარიელი და ამას ქართველ ხალხს გვამცნობს თვითონ ევროპული კავშირი. “ქართულ ოცნება“, არაღიარებული, თვითგამოცხადებული ხელისუფლება არ ყოფილა მიწვეული. მას არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ელიან, აღარ ესალმებიან და აღარ ეთანამშრომლებიან.

არჩევნებიდან ოთხი თვის თავზე, არცერთი ცივილიზებული სახელმწიფო არ ეთანამშრომლება საქართველოს ე.წ. მთავრობას და არც მის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც დღეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევითაა დაკავებული.

ეს არის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ:

დღეს საქართველოს მართავს ანტიქართული ხელისუფლება, რომელმაც რუსეთის ფედერაციის დავალებით, საქართველოს დააკარგვინა ყველა უნიკალური ისტორიული შესაძლებლობები;

თვითმარქვია ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა მიზანმიმართულად გვაშორებს სწორედ იმ სივრცეს, სადაც არის მშვიდობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება და გვაახლოებს სწორედ იმ სახელმწიფოებთან, სადაც არის ომი, ქაოსი და არასტაბილურობა;

პარალიზებული ქმედუუნარო პარლამენტის, ცივილიზებული მსოფლიოს მიერ სანქცირებული ე.წ. ხელისუფლების და რუსეთის სამსახურში მყოფი კრიმინალური ბანდფორმირების პირობებში, საქართველოს სახელმწიფო ვეღარ და აღარ ასრულებს ვერცერთ ეროვნულ, კონსტიტუციურ ამოცანას და მათ შორის, აღარც ევროპული ინტეგრაციის ამოცანას;

გუნდი, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდა და ღირსებით ევროპისკენ სიარულს ჰპირდებოდა, გამოძევებულია უკლებლივ ყველა ევროპული ფორმატიდან და დასანქცირებულია ევროკავშირის სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ;

მაშინ, როდესაც ჩვენ ყოველკვირეულად ვკარგავთ ყველა უნიკალურ შესაძლებლობას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ფინანსურს, ჩვენ ვხედავთ, რომ მოლდოვამ რამდენიმე დღის წინ უკვე მიიღო 2 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა (საქართველო მიიღებდა 4 მილიარდამდე ევროს მხარდაჭერას).

ამ ფონზე, როდესაც თვითმარქვია ხელისუფლება სრულად არის აცდენილი ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილ ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს, როდესაც ქმედუუნარო პარალიზებული პარლამენტი არ და ვერ ახდენს კონსტიტუციით გაცხადებული მიზნების განხორციელებას, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და რუსეთის მსახური ხელისუფლების განდევნა,“ - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობამ X-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის დროს საქართველოსთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი იყო დარჩენილი.

„ზოგად საკითხთა საბჭოს (GAC) არაფორმალური შეხვედრის პირველ სესიაში ევროპულ საქმეთა მინისტრებმა და გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოსთვის სკამი ცარიელი იყო დარჩენილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო