ადვოკატი - ალტერნატიული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების პაკეტზე ნიკუშა კაციას თითის კვალი არ ამოვიდა - მას არც ნარკოტიკების მოხმარება დაუდგინდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას ადვოკატის ნინო ლომინაძის განცხადებით, მათ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, ამოღებულ ნარკოტიკული საშუალების პაკეტზე, კაციას თითის კვალი არ ამოვიდა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ნიკუშა კაციას თმის ღერიდან აუღეს ნიმუში, რითაც მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინა.

აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას ადვოკატი სასამართლოში დღეს წარადგენს, სასამართლო კი მის დასაშვებობაზე იმსჯელებს.

„დაცვის მხარეს ალტერნატიული ექსპერტიზა ჰქონდა დანიშნული - დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა და თმის ღერიდან ნარკოლოგიური შემოწმება. დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ ნიკოლოზ კაციას მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა, ასევე, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადასაფუთ პაკეტზე ნიკოლოზ კაციას თითის კვალი არ ამოვიდა. დღევანდელ პროცესზე ამ მტკიცებულებას წარვადგენთ და სასამართლო მის დასაშვებობაზე იმსჯელებს.

საქმის მასალები როცა გავცვალეთ, მითითებული იყო, თითქოს, ნიკოლოზ კაციამ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი განაცხადა. მალევე ვიმსჯელე პროკურორთან, რომ დაუყოვნებლივ ჩატარებულიყო ნარკოლოგიური შემოწმება, თუმცა, დადგენილებით უარი მეთქვა. სამხარაულის ეროვნულ ბიუროში მალევე დავნიშნე ალტერნატიული ექსპერტიზა. ვინაიდან ვადები დასაცავი იყო, თმის ღერი კი ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით გრძელვადიან ინფორმაციას ინახავს, სწორედ მსგავსი კატეგორიის ექსპერტიზა ჩავატარეთ. საქმის მასალებში მითითებულია, რომ კაცია აქტიური მომხმარებელია ნარკოტიკული საშუალებების და მას უკანონოდ ინახავდა, თუმცა, ამ მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ეს საშუალება მას არ ეკუთვნოდა, არაფერში სჭირდებოდა. როგორც კაცია აცხადებს, ეს ნარკოტიკული საშუალება მას „ჩაუდეს“. ჩვენს მიერ ჩატარებულ დასკვნაში მითითებულია, რომ საერთოდ თითის კვალი ამოსული არ არის“,- განაცხადა ლომინაძემ.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო