დავით ნარმანია - უხვმა ნალექმა მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია - აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.

როგორც ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება აღდგენითი სამუშაოები და პერიოდულად, მოკლეტექსტური შეტყობინების სახით, ავარიების და მისი გამოსწორების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეებს პერიოდულად მიაწვდიან.

„ზამთრის სეზონზე და განსაკუთრებით, ბოლო დღეებში უხვმა ნალექებმა მაღალმთიან რეგიონებში გამოიწვია ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის დაზიანება. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ „ენერგო პრო ჯორჯიას“ ისევე, როგორც „სოკარ ჯორჯია გაზის“ შესაბამისი თანამშრომლები იმისთვის, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდეს. როგორც კი იწმინდება გზები შესაბამისი ტექნიკით, მერე ამას მიჰყვებიან კომუნალური კომპანიები და ხდება მათ მიერ შესაბამისი აღდგენითი სამუშაოების განხორციელება. საკმაოდ ბევრი აბონენტი ჩაირთო გურიის, აჭარის რეგიონებში, ასევე მაღალმთიანი იმერეთის რაიონებში. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ბუნებრივი გაზის ნაწილშიც იყო დაზიანებები. კერძოდ, მაგისტრალური გაზსადენები, რომლითაც ნაწილდება შემდეგ უკვე სოფლებში ბუნებრივი აირი, რამდენიმე ადგილას დაზიანებული იყო და იქაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. დღესაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება აღდგენითი სამუშაოები და პერიოდულად, მოკლეტექსტური შეტყობინების სახით, ავარიების და მისი გამოსწორების შესახებ ინფორმაციები კომუნალურ კომპანიების მიერ მიეწოდებათ მომხმარებლებს დადგენილი წესით. შესაბამისად, დამატებით მიიღებენ ინფორმაციას“, - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეხება კითხვას, ხომ არ იგეგმება ტარიფების ცვლილება, დავით ნარმანიამ განმარტა, რომ მიმდინარე წელს რაიმე სახის ტარიფის ზრდა, მინიმუმ წლის ბოლომდე, მოსალოდნელი არ არის.

„მიმდინარე წელს რაიმე სახის ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ნაწილში. საშუალოვადიანი ტარიფები, რაც დავადგინეთ ელექტროენერგიის ნაწილში, ამ წლის ბოლომდე მოქმედებს. ბუნებრივი აირის ტარიფები კიდევ უფრო მეტი ხნით გვაქვს დადგენილი, ისევე, როგორც წყალმომარაგების ტარიფები, რომელიც დაახლოებით, 1 წლის წინ დავადგინეთ. ასე, რომ მიმდინარე წელს რაიმე სახის ტარიფის ზრდა, მინიმუმ წლის ბოლომდე, დაგეგმილი არ არის“, - განაცხადა ნარმანიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო