აქციებზე დაკავებული დავით ხომერიკის ადვოკატი - ყველაზე უცნაურია ის, რომ მოწმედ მოსული იყო პოლიციელი, რომელმაც უბრალოდ ბრალის დადგენილება მიუტანა დაკავებულს და გააცნო - სხვა არცერთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აქციებზე დაკავებულის, დავით ხომერიკის პროცესი გაიმართა. 26 წლის ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ბრალდებულს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს.

საქმეს მოსამართლე ნინი გალუსტაშვილი იხილავდა.

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა პოლიციელი ირაკლი გველესიანი. მისი თქმით, წაკითხული აქვს ბრალდებულ ხომერიკის გამოკითხვის ოქმი, სადაც ის ამბობს, რომ ჰქონდა „ასაფეთქებელი თუ აალებადი ნივთიერება”. სხდომაზე გველესიანს ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მიუთითა, ზუსტად განმარტოს, რომელი ტერმინი ეწერა გამოკითხვის ოქმში - „ასაფეთქებელი“ თუ „აალებადი“ ნივთიერება, რადგან ამ მახასიათებლებს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს კვალიფიკაციის ნაწილში.

„რამდენიმე მტკიცებულება მახსოვს. იყო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს იყო ასაფეთქებელი ნივთიერება თუ მოწყობილობა, ზუსტად არ მახსოვს. ასაფეთქებელი ნივთიერება თუ რაღაც ასეთი… დასკვნაში რომელი ეწერა - ასაფეთქებელი თუ აალებადი ნივთიერება, დეტალურად არ მახსოვს”, - განაცხადა მოწმე სამართალდამცველმა ირაკლი გველესიანმა და აღნიშნა, რომ ხომერიკის დაკავებას არ შესწრებია.

როგორც სხდომის დასრულების შემდგომ ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროცესის მთლიანი სურათიდან ცხადად ჩანს, რომ პოლიციელები ტყუილებს საუბრობენ.

„ყველაზე უცნაური არის ის, რომ მოწმედ მოსული იყო პოლიციელი, რომელმაც უბრალოდ ბრალის დადგენილება მიუტანა დაკავებულს და გააცნო ის. სხვა არცერთ საგამოძიებო მოქმედებაში ამ პოლიციელს მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი იყო, რომ მას არავითარი ინფორმაცია არ ჰქონოდა საქმის დეტალებზე. მიუხედავად ამისა, რატომღაც მაინც გამოიდო თავი და თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, ხომერიკს თან ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება, რაც გახლავთ სიცრუე. ასევე, ბოლოს თქვა, რომ მე საქმის მასალებს სრულად გავეცანი, იმიტომ, რომ ყველა საქმის მასალას ვეცნობიო, ვისთვისაც ბრალის დადგენილება მიმაქვსო, რაც ასევე არ არის დამაჯერებელი. ვფიქრობ, ამ თავისი ზედმეტი და უმიზნო თავგამოდებით, სასამართლოსთვის თუ პროკურორისთვის თავის მოწონების სურვილით გამსჭვალულმა, სამწუხაროდ, მიიღო ის შედეგი, რომელიც მიიღო, იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში, კითხვები არც გვქონდა. მომდევნო პროცესზეც მოწმეები დაიკითხებიან, რომლებსაც საქმესთან არსებითი შემხებლობა ექნებათ, თუმცა ამ პროცესის მთლიანი სურათი ცხადია - ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც მოვლენ და ისაუბრებენ ტყუილებს”, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი