კაია კალასი აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმებაზე - ვისმენ აზრს, რომ ეკონომიკური შეთანხმება უკვე უსაფრთხოების გარანტიაა, მაგრამ ასე არ არის - საჭიროა უსაფრთხოების სანდო გარანტიები

აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება არ შეიძლება იყოს წმინდა ეკონომიკური, რადგან ომის დროს საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა „ჰადსონის ინსტიტუტში“ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

„თუ ეს შეთანხმება აძლიერებს შეერთებული შტატების ეკონომიკურ ინტერესებს უკრაინაში და თუ ეს ინტერესები ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას უკრაინისთვის, მაშინ ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი განვითარება. უნდა დაიცვათ თქვენი ეკონომიკური ინტერესები უკრაინაში. მაგრამ ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მსხვილი ამერიკული კომპანიები უკრაინაში მუშაობდნენ როგორც ომამდე, ისე ახლა, მაგრამ ამან ქვეყანა ვერ იხსნა რუსეთის შეჭრისა და დაბომბვისგან.

„ვისმენ აზრს, რომ ეკონომიკური შეთანხმება, როგორც ასეთი, უკვე უსაფრთხოების გარანტიაა, მაგრამ არა მგონია, რომ ასე იყოს. ახლაც არიან კომპანიები, ამერიკული კომპანიები უკრაინაში, რომლებიც მოქმედებენ იქ და ქვეყანა კვლავ ყოველდღიურად იბომბება. ასე რომ, ეს ნამდვილად არ მუშაობს ისე, რომ თუ თქვენ გყავთ ამერიკელები, მაშინ რუსები იტყვიან: „კარგი, ჩვენ მათ აღარ ვბომბავთ“. ასე რომ, საჭიროა უსაფრთხოების სანდო გარანტიები. ვფიქრობ, უკრაინასა და ამერიკას შორის შეთანხმებები კარგია იმ თვალსაზრისით, თუ ის არის უფრო ფართო თანამშრომლობის საფუძველი“, - აღნიშნა კალასმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა და ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს შეხვდება. მხარეებმა მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმებას უნდა მოაწერონ ხელი.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში