საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრი კომპანიებისთვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის გაცნობის მიზნით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა BAG-ის წევრებს ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) გამარტივებული საბაჟო ფორმალობები გააცნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალი სატრანზიტო სისტემის შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარადგინეს და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

„კერძოდ, ყურადღება გამახვილდა NCTS-თან მიმართებით გადამზიდავი კომპანიების შესაძლებლობებსა და გარანტიებთან დაკავშირებული პირობებზე. საუბარი ასევე, შეეხო NCTS-ით სარგებლობის შემთხვევებში, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი სტატუსის მქონე კომპანიებისათვის გარანტიის წარდგენის ვალდებულებას, სხვა სისტემებთან თავსებადობას და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან, საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ - საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას და გახდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს რეალური რეჟიმით გაცვალოს ელექტრონული მონაცემები - NCTS-ის მეშვეობით.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ იმ სისტემას, რომელიც შემოსავლების სამსახურმა წარმატებით დანერგა და რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბიზნეს ოპერაციებსა და ტვირთების გადაადგილებას ევროკავშირის წევრ 27 და სხვა 9 სახელმწიფოში, ჯამში 36 ქვეყანაში. აღნიშნული, მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ნაწილში, ასევე ბიზნეს საქმიანობისთვის და ზოგადად, ქვეყნის ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება