ნათია თურნავა - სესხის წინმსწრებად დაფარვის საკომისიოს ზედა ჭერის შემცირება მომხმარებელს ერთი ბანკიდან მეორეში სესხის გადატანას გაუმარტივებს

ეროვნულ ბანკში, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელ ორგანოში, მომხმარებელთა უფლებების უკეთ და მეტად დაცვის მიზნით, მუდმივად ვზრუნავთ და ვაუმჯობესებთ კანონმდებლობას. სწორედ ამას ემსახურება სესხის წინმსწრებად დაფარვის საკომისიოს ზედა ჭერის შემცირება, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია კონკურენციისთვის და მომხმარებელს ერთი ბანკიდან მეორეში სესხის გადატანას გაუმარტივებს, რაც ნაკლებ თანხებთან იქნება დაკავშირებული , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

ნათია თურნავას განცხადებით, ცვლილების თანახმად, ფიზიკური პირებისა და 2 მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება.

ცვლილების დაცვა ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის 1 მაისიდან მოუწევთ.

„ამ ცვლილებით პრაქტიკულად ოთხჯერ შევამცირეთ წინმსწრების საკომისიოს მოცულობა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საბანკო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივ. ასევე, მნიშვნელოვანია ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობა, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და რეგულაციებით ხელმძღვანელობს. კომისია 2024 წელს ავამოქმედეთ, ამ პერიოდში 90 დავა იქნა განხილული მომხმარებელთა და საფინანსო სექტორის ინსტიტუციებს შორის, რომელიც ეხება არაავტორიზებულ გადახდებს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს როგორც ბარათით, ასევე მობაილ ბანკით“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დავების 85% მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა და 300 000 ლარამდე აუნაზღაურდათ დანაკარგი.

ნათია თურნავას ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ მსოფლიო ბანკთან ერთად სებ-მა ასევე დაიწყო ახალი პროგრამა, ახალი სტრატეგიის შემუშავება.

„ეს პროგრამა მიზნად ისახავს არსებული რეგულაციის მეტად დახვეწას, თუ რა უნდა გაკეთდეს საფინანსო სექტორში კონკურენციის წახალისებისთვის ისე, რომ ფინანსური სტაბილურობა შენარჩუნდეს“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება