საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, პროფესორ გიორგი ჭეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის - „ქართული თვითმყოფადობა“, ფარგლებში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ჭეიშვილმა საჯარო ლექცია - „საქართველო IV-VI საუკუნეებში, ქრისტიანობასა და მაზდეანობას შორის“, გამართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნიივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მამუკა გიორგაძე, სტუდენტები და მოწვეული პირები.

როგორც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიაქროს ერთობლივი პროექტი - „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.

„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სასულიერო პირთა, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით. პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, შეახსენებს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, რომელთაც განსაზღვრეს ეროვნული ფასეულობები. პროფესორი გიორგი ჭეიშვილი აუდიტორიის წინაშე წარსდგა მნიშვნელოვანი საჯარო ლექციით, რომელმაც მსმენელების დიდი ინტერესი გამოიწვია. საუკუნეების წინ, ისევე როგორც დღეს, საქართველოს მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენი დიდი წინაპრების გადაწყვეტილებებს შესწავლა, გაანალიზება, შეჯერება და თანამედროვეობისთვის მისაღები ფორმების მიცემა სჭირდება - უნივერსიტეტში გამართული მსჯელობა სწორედ ამის მაგალითია. ძალიან გვახარებს ჩვენი ახალგაზრდობის ასეთი აქტიურობა და დაინტერესება“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, პროფესორმა გიორგი ჭეიშვილმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ პირებს საქართველოში IV-VI საუკუნეებში განვითარებულ მოვლენებზე არაერთი დამატებითი ცნობა მიაწოდა.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება