პროკურორი ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულზე - ჩვენება არ მიუცია, დღემდე იყენებს დუმილის უფლებას - მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობა

პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაური ისან-სამგორის ტერიტორიაზე დააკავეს, თუმცა კითხვაზე, იმალებოდა თუ არა სასაფლაოებზე, კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

ამასთან, კითხვაზე, გამოყენებული იყო თუ არა სილიკონის ნიღაბი, პროკურორი აღნიშნავს, რომ „ნიღაბთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია“.

„რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობა, რათა აღნიშნული გაირკვეს და დადგინდეს. რაც შეეხება იმას, თუ რა ვითარებაში მოხდა დაკავება - აღნიშნული პიროვნების მხილების შემდეგ, მას შემდეგ, რაც შეკრებილი იყო საკმარისი ინფორმაცია, რომ კონკრეტული ქმედება ჩადენილი იყო წარმოდგენილი ბრალდებულის მიერ, გააქტიურდა ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებები მისი ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, აღნიშნული პიროვნება დაკავებული იყო თბილისში. ბრალდებულის დაკავება მოხდა ისან-სამგორის ტერიტორიაზე. რა ვითარებაში, ვისთან ერთად, არსებობდა თუ არა დამხმარე, ან თანამზრახველი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. როდესაც გვექნება წარმოვადგენთ. ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია, დღემდე იყენებს დუმილის უფლებას“,- აღნიშნა პროკურორმა.

ამასთან, კითხვაზე, იკვეთება თუ არა ვინმეს მხრიდან მკვლელობის დავალება, პროკურორი აღნიშნავს: „უშუალოდ ბრალდებულის მხრიდან განხორციელდა მოკვლის განზრახვით გასროლები“.

ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. ცნობისთვის, შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება