საია - სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივი დარღვევის შესახებ საჩივარი დაარეგისტრირა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომელიც, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კენჭისყრის ფარულობის მასობრივი დარღვევას შეეხება. აღნიშნულის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, საჩივარი ევროპულმა სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა, სადაც საია არჩევნების მიმდინარეობისას ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, მე-3 მუხლის დარღვევაზე მიუთითებს, რომლის თანახმად მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, რომ გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები, ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას.

„საჩივარში აღნიშნულია, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი მასობრივად დაარღვია, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს, საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება დაირღვა. საია საჩივარში ასევე დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე საია-მ აღმოაჩინა ფარულობის დარღვევის რისკები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამასთან დაკავშირებით საია-ს ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. მიუხედავად ამისა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკომ ვერ უზრუნველყო, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს არ გამოჩენილიყო გაფერადებული წრის კვალი.

ქვეყნის შიგნით გათვალისწინებული დავის მექანიზმების გამოყენებით, საია-მ 73 ოლქში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საია დავობდა, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.

ეროვნულ დონეზე საია-ს სარჩელი მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადი იყო. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საქმის განხილვისას ასევე ჩაატარა კენჭისყრის შემოწმების ექსპერიმენტი. ექსპერიმენტმაც დაადასტურა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი. მოგვიანებით, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

საია-ს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივარი თავისი შინაარსით პრეცედენტულია და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო