ზურაბ ჯაფარიძე - თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგი იქნება სწრაფი ტემპით რეჟიმის მმართველობის ლეგიტიმაცია

ევროპელებისგან იქნება ზეწოლა და მაინც მოგვიწევს მონაწილეობა - ეს შარლ მიშელიდან გამოყოლილი „ტრავმაა“. არანაირი ზეწოლა არ იქნება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები (ახალი ადმინისტრაციით და საარჩევნო დავების სასამართლოში სამართლიანი განხილვის შანსით) და არ მოხდა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგი იქნება შემდეგი:

„მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ დადებული რიცხვების ლეგიტიმაცია;

მოხდება დეკემბრის დასაწყისში რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ასობით ადამიანის წამების ლეგიტიმაცია;

მოხდება სისხლის სამართლის წესით დაკავებული ათობით პოლიტიკური პატიმრისთვის მრავალწლიანი სასჯელის მისჯის ლეგიტიმაცია;

მოხდება მედიის, პოლიტიკური საქმიანობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროტესტის შემზღუდავი ყველა ბოლო რეგულაციის ლეგიტიმაცია;

დაიწყება საგარეო პოლიტიკური იზოლაციის ჩამოშლა და სწრაფი ტემპით მოხდება რეჟიმის მმართველობის ლეგიტიმაცია;

დასრულდება რუსთაველის პროტესტი და ახალი ბრძოლის ველის შექმნას დასჭირდება წლები.

აქვე, საწინააღმდეგო არგუმენტებზე:

ევროპელებისგან იქნება ზეწოლა და მაინც მოგვიწევს მონაწილეობა - ეს შარლ მიშელიდან გამოყოლილი „ტრავმაა“. არანაირი ზეწოლა არ იქნება. ევროსაბჭოს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კონგრესმა უკვე თქვა, რომ ეს არჩევნები უნდა გადაიდოს (ბევრი მიზეზის გამო). ასეც რომ არ იყოს, ჩვენი ამბავი ჩვენი გადასაწყვეტია.

- ახლა უკეთ მოვემზადებით და ალაგ-ალაგ მაინც მოვუგებთ - რამდენ ადგილასაც არ უნდა მოუგო, ყველგან იმ რიცხვებს დაწერს რეჟიმი, რაც დასჭირდება. ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს ფეხბურთის შიდა ტურნირზე, ისინი გვეთამაშებიან რაგბის, ყველა მსაჯი მათია, უეფა გვეუბნება ეგ ფეხბურთი არაა, ეგრე მსაჯობა არ „მოსულა“ და ასე თუ ითამაშებთ, ჩვენს ტურნირებში ვერ მიიღებთ მონაწილეობასო. რეჟიმი ამბობს ესაა ფეხბურთი, ევროპაზე უკეთესად ვიცით ჩვენ რა არის ფეხბურთიო, და გვამტვრევს ძვლებში. ამ დროს საუბარი იმაზე, რომ უკეთეს ტაქტიკას დაალაგებ და ისე მოუგებ, არასერიოზულია.

- ვერ მოვიგებთ მაგრამ საკრებულოებში გავმაგრდებით და იქიდან დავიწყებთ რეჟიმის რღვევას - ნანახი გვაქვს როგორ გამაგრდა 2020-ის მოპარული არჩევნების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში და რა შედეგი მოიტანა ამან - ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის ფასადის შექმნა, რამაც დრო მოაგებინა რეჟიმს და, შედეგად, დღეს გაცილებით ნაკლები თავისუფლება გვაქვს ვიდრე გვქონდა 4-5 წლის წინ.

- თბილისი ხომ მოვუგეთ 26 ოქტომბერს, მერის არჩევნებს მოვიგებთ ახლაც და მერე … არც თბილისს, არც რომელიმე სხვა მნიშვნელოვან წერტილს რეჟიმი არ დათმობს არავითარ შემთხვევაში. „სლაბინას არ მისცემს“. ასეთია მისი ბუნება. რაც დასჭირდება იმას დაწერს. საარჩევნო სისტემის როგორი ცვლილებაც დასჭირდება, რომ რისკები დააზღვიოს, ისეთს განახორციელებს. რუსთაველზე დგას ყოველდღე ერთი უნგრელი ბიჭი, ლასლო. მოგიყვებათ ორბანს რა აქვს ამ მხრივ ნაკეთები.

ასე ჩანს ჩემგან“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში