ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომა მიიღოს“

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, „დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომა მიიღოს“, ასევე, ის სამართალდამცავების მიერ განმასხვავებელი საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების რეკომენდაციას გასცემს.

როგორც მაიკლ ო'ფლაერტი ს მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ მემორანდუმშია აღნიშნული, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის სარწმუნო ცნობების მიუხედავად, ძალადობისთვის არც ერთი სამართალდამცავი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მეტიც, პროტესტის ზოგიერთი მონაწილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. კომისარი ხაზს უსვამს, რომ ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის წინაშე დაბრკოლებას ნიღბიანი პოლიციელების სათანადო იდენტიფიკაცია წარმოადგენს.

მაიკლ ო'ფლაერტი რეკომენდაციის სახით საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ მოუწოდებს, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების გზით. ასევე, ო'ფლაერტი სამართალდამცავების მიერ განმასხვავებელი საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების რეკომენდაციას გასცემს.

კომისარი შეშფოთებას გამოხატავს შეკრების თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც „დემონსტრანტების წინააღმდეგ ზედმეტ შეზღუდვებს აწესებს, აფართოებს სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებებს და პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის უფრო მკაცრ ჯარიმებს აწესებს“.

„კომისარი აღნიშნავს, რომ ბევრი ცვლილება კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან შეუთავსებელია და რეკომენდაციას უწევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით კანონებში ცვლილებების შეტანას“, - ნათქვამია მემორანდუმში.

კომისარი შეშფოთებულია ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ გავრცელებული ცნობებით.

„ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც კომისარი ციხეში ესტუმრა, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის მზარდ რთულ პირობებს ასახავს. კომისარმა უკვე განაცხადა, რომ მისი წინასწარი დაკავება გაუმართლებელია“, - აღნიშნულია მემორანდუმში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება