ზურაბ ნოღაიდელი - ერგნეთის ბაზრობის დახურვის შემდეგ შეიძლებოდა შექმნილიყო ხალხთა შორის დიალოგის სხვა მექანიზმები - სხვა რამე უნდა გაკეთებულიყო, ეს შენიშვნა სამართლიანია

დიალოგის საფუძველი ქართველებსა და ოსებს შორის ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება და ახლაც არის, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელი უკვე მომხდარია, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა განმარტა, თუ რატომ მიიღო მაშინ ერგნეთის ბაზრობის დახურვის გადაწყვეტილება.

„ერგნეთის ბაზრობით დავიწყებ. კი, ერგნეთის ბაზრობას შეიძლება გარკვეულწილად ჰქონდა თავისი მნიშვნელობა რეგიონში ადამიანების დაახლოებაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხვრელი იყო საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლებისთვის. ერგნეთის ბაზრობაზე თუ ვილაპარაკებთ, მის გაუქმება-დახურვაში მთავარი პასუხისმგებელი პირი მე ვარ. აგერ ვარ ამ ბაზრობის დახურვის მთავარი პასუხისმგებელი პირი. ფინანსთა მინისტრობის დროინდელ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ ქვეყანა, სახელმწიფო ვერავითარ შემთხვევაში ვერ შედგება, სადაც იქნება კონტრაბანდა, ფაქტობრივად, ხელშეწყობილი, თვალდახუჭული სახელმწიფოს მიერ. ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც რამდენიმე სხვა გადაწყვეტილება, იყო ჩემი მინისტრობის პირველ დღეებში მიღებული და შემდეგ, შესაბამისად, განხორციელებულიც. სრულიად და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. უფრო მეტიც, ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოქმედებებს უშუალოდ 2008 წლამდე ჩვენ არ მივუყვანივართ“, - განაცხადა ნოღაიდელმა.

მისი თქმით, ერგნეთის ბაზრობით ქართველი და ოსი ხალხი ერთად კონკრეტულ საქმეებს აკეთებდნენ, მაგრამ „სამწუხაროდ, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე და ეს დაუშვებელი იყო“. ნოღაიდელის განმარტებით, ამის ნაცვლად შეიძლებოდა შექმნილიყო დიალოგის სხვა მექანიზმები.

„სრულიად დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ამ დიალოგის წარმოება. დიალოგის საფუძველი ქართველებსა და ოსებს შორის ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება და ახლაც არის, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელი უკვე მომხდარია. მის გარეშე მით უფრო კიდევ მეტად იქნებოდა შესაძლებელი. ეს შენიშვნა, რომ სხვა რამე უნდა გაკეთებულიყო, ვფიქრობ, სამართლიანია“, - განაცხადა ნოღაიდელმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო