საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი და სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებს ზუმრატ გაიბნაზაროვას და დილნოზა იულდოშევას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრის მიზანს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის თქმით, ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივ სასწავლო აქტივობებს, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, სტუდენტთა, მეცნიერთა და პროფესორ-მასწავლებელთა და გაცვლით პროგრამებს.

„უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაინტერესებულია ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საინჟინრო და ჰუმანიტარული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი მიმართულებებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის უზბეკ კოლეგებთან. ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია. ვფიქრობთ, ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები ერთობლივად არაერთ სამეცნიერო პროექტზე ვიმუშავებთ და მოხარული ვიქნებით, თუ სამეცნიერო ბაზა ამ პროექტებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის და უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, უახლოესი მომავლიდან, საქართველოსა და უზბეკეთის განათლების სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ, რომელიც არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კვლევით პროცესებსაც მოიცავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს