პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარემ დანაშაულის ხასიათი და მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობა გაითვალისწინა, რის საფუძველზეც 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურორის, მარი მეშველიანის განცხადებით, ბრალდების მხარემ დანაშაულის ხასიათი და ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა გაითვალისწინა, რის საფუძველზეც 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვენ.

როგორც საკუთარ შუამდგომლობაში მეშველიანი განმარტავდა, ხაზარაძე არაერთ უძრავ-მოძრავი ქონებას ფლობს, შესაბამისად, ის ამ თანხის გადახდას შეძლებს. პროკურორის თქმითვე, 50 000-ლარიანი გირაო აღკვეთის ღონისძიების მიზნებს სრულად უზრუნველყოფს.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს. მისივე განმარტებით, ბრალდებული საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით იყო დაბარებული, თუმცა, მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა არასაპატიო მიზეზით.

მეშველიანის თქმით, ხაზარაძის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. მისი განმარტებით, მასალებით ირკვევა, რომ ხაზარაძე ქვეყანას ხშირად ტოვებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰყავს კონტაქტები, ასევე, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მის მიმართ თუკი მკაცრი სასჯელი განესაზღვრება, ამის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა, ის მიიმალოს.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, პროკურორის შუამდგომლობის მიხედვით, მათ გაითვალისწინეს დანაშაულის სპეციფიკა და ხასიათი, ასევე ბრალდებულის პიროვნული მახასიათებელი. როგორც მეშველიანმა აღნიშნა, ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, გამოუცხადებლობაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა, მან ქმედება განზრახ და შეგნებულად ჩაიდინა. ასევე, პროკურორის თქმით, ეს ხაზარაძის მხრიდან პირველი საქმე არ არის და ის წარსულში გასამართლებულია.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატები ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ. უფლებადამცველების განმარტებით, პროკურატურის პოზიცია დაუსაბუთებელია და ფაქტებით გამყარებული არაა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.

მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი