საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობას კომპანია „ინჟინერიქსიც” მიიღებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, კომპანია „ინჟინერიქსში“ გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის განკუთვნილ საფაკულტეტო სივრცეებს ახალი თაობის ციფრული სტანდარტების შესაბამისად გადააიარაღებს.

სტუ-ის ცნობით, ამით კომპანია მზაობას გამოთქვამს, უნივერსიტეტთან ერთად, აქტიურად ჩაერთოს ახალგაზრდების კვალიფიციურ სპეციალისტებად და მკვლევრებად ჩამოყალიბების პროცესში.

„აღნიშნულის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანია „ინჟინერიქსის“ დირექტორმა თორნიკე წიკლაურმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ასევე ერთობლივად იზრუნებენ სტუდენტთა პროფესიულ განვითარებაზე, საკადრო რეზერვის შექმნასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაზე, რაც ერთი მხრივ, გააუმჯობესებს სტუდენტთა პრაქტიკულ შესაძლებლობებს, მეორე მხრივ კი, გააძლიერებს კომპანიის კვლევით და პროფესიულ რესურსებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, მემორანდუმი უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

თამარ წერეთლის თქმით, საგულისხმოა, რომ ,,ინჟინერიქსთან“ პარტნიორობის ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, კონკრეტულად კი, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის შეიქმნება თანამედროვე სასწავლო გარემო, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ახალი თაობის ციფრულ სტანდარტებთან. კერძოდ, კომპანია უზრუნველყოფს სასწავლო სივრცეების რეაბილიტაციასა და მათ აღჭურვას ჭკვიანი ტექნოლოგიებით.

გარდა ამისა, ფაკულტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ექნებათ კვლევით პროექტებში ჩართვისა და კომპანიაში პრაქტიკული ტრენინგებისა თუ ვორქშოფების გავლის შესაძლებლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკასთან დააკავშირონ და მიიღონ ის უნარები, რომლებიც წარმატებული კარიერისთვისაა აუცილებელი.

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, ეს უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის გაფორმებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ახალგაზრდებს, პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, ახალი პროფესიული ურთიერთობებისა და კავშირების ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს და ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება