გია ჯაფარიძე - ნამდვილად არ მეგონა, რომ საქართველოს ოდესმე ისეთი ხელისუფლება ეყოლებოდა, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მოკავშირე იქნებოდა - „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ ვერ გაბედა, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისულიყო

დღეს საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - როცა საქართველოს დამოუკიდებლობა ცხადდებოდა, მე ნამდვილად არ მეგონა, რომ საქართველოს ოდესმე ისეთი ხელისუფლება ეყოლებოდა, რომელიც იქნებოდა ჩვენი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მოკავშირე, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ ვერ გაბედა, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისულიყო“.

„დღეს საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ერთი მხრივ, ეს არის ტრაგიკული დღე იქიდან გამომდინარე, რომ 36 წლის წინ „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თანამოაზრეებმა რუსთაველის გამზირზე ქართველი ხალხის სასაკლაო მოაწყვეს. აქ დახოცეს ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. ამ მხრივ ეს არის ტრაგიკული დღე. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვიგონებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად ჩვენს ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა. მეორე მხრივ, ეს არის დღე, რომელიც საზეიმოა, რადგან 34 წლის წინ ამ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და დღეს იმ დამოუკიდებლობაში ვცხოვრობთ, რომელიც 34 წლის წინ ამ დღეს გამოცხადდა.

პოლიტიკური პატიმრების მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ასეთი ტიპის აქცია ჰქონოდათ… ეს არ არის პირველი ღამე, როცა მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან, უბრალოდ დღეს მოხდა ის, რომ პოლიტიკური პატიმრების მშობლებმა განიზრახეს, რომ გაეთენებინათ. დღეს 9 აპრილის მემორიალთან, რომელიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის სიმბოლოა, მიიჩნიეს, რომ რუსეთის ფედერაციის მოკავშირეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იგორ როდიონოვის, კოჩეტოვის და სხვების მოკავშირეებს, ვინც 36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს ხოცავდა, არ აქვთ უფლება, მოვიდნენ 9 აპრილის მემორიალთან. ეს იყო მათი განზრახვა და ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ ვერც გაბედა, რომ აქ მოსულიყო. როცა საქართველოს დამოუკიდებლობა ცხადდებოდა, მე ნამდვილად არ მეგონა, რომ საქართველოს ოდესმე ისეთი ხელისუფლება ეყოლებოდა, რომელიც იქნებოდა ჩვენი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მოკავშირე. ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში ოდესმე იქნებოდა მთავრობა, რომელიც აქ გაატარებდა ანტიქართულ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას და გაატარებდა ისეთ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება რუსეთის ფედერაციის გრძელვადიან ინტერესებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება