ტობიას კრემერი - ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით - მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ მომენტში ევროკავშირის გზაზე არ დგას და ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს

მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ მომენტში ევროკავშირის გზაზე არ დგას და ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, „ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით“.

„ჩვენ გარდამტეხ მომენტში ვართ, არა მხოლოდ ევროპულ პოლიტიკაში, არამედ ქართულ პოლიტიკაშიც, გასული წლის გაყალბებულ არჩევნებსა და წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს შორის. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით. ჩვენ ვხედავთ დაშინებას, დეზინფორმაციას, პოლიტპატიმრების დაკავებას, ამჟამად 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფება პატიმრობაში. გუშინ, ჩვენ შევხვდით ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელსაც ხელისუფლება თავს დაესხა, სასტიკად გაუსწორდა და სცემეს“, - განაცხადა კრემერმა.

მისი თქმით, ანგარიში მნიშვნელოვანია, რადგან რეალობას ასახავს.

„ასევე, იმედს ასახავს, რომელსაც ქართველები 130-ზე მეტი დღეა აჩვენებენ, როდესაც ქუჩებში ევროკავშირის დროშებით გამოდიან. ისინი იმსახურებენ იმას, რომ ჩვენ ეს ანგარიში გავაკეთოთ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ მომენტში ევროკავშირის გზაზე არ დგას და ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს“, - აღნიშნა კრემერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება