ევროკომისარი მარტა კოსი კითხვაზე: განიხილება თუ არა საქართველოს მთავრობასთან კონტაქტების აღდგენა - ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ - უნდა ვიფრთხილოთ, შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, დაბალი რანგით დავიწყოთ

ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი, - ასე პასუხობს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი „რადიო თავისუფლების“ კითხვას, განიხილავენ თუ არა საქართველოს მთავრობასთან საუბრის ხელახლა დაწყებას და მაღალი რანგის კონტაქტების აღდგენას გარკვეულ ეტაპზე.

ამასთან, ევროკომისრის თქმით, „შესაძლოა, დასაწყისში საუბარი არა უმაღლეს დონეზე, არამედ დაბალი რანგის წარმომადგენლებთან დაიწყოს“.

„ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი. ასე რომ, ახლა იმის განხილვაში ვართ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ, ეს დიალოგი ვაწარმოოთ იმ აზრით, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ. როგორც ვთქვი, ყველაზე მარტივია, არ ესაუბრო. მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას, რომელთაც არ გააჩნიათ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. თურქეთის კანდიდატობა ჩიხშია, 2019 წლიდან მათთან არ გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ სულ ახლახან დავიწყეთ დიალოგი უმაღლეს დონეზე.

ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ, შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება“, - განაცხადა მარტა კოსმა.

გარდა ამისა, როგორც ევროკომისარმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოს დაკარგვას ვერ დაუშვებს.

„მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა მარტა კოსმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება