„თიბისი კაპიტალმა“ ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული ინდიკატორები და სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების უკვე უფრო მოცულობითი შევსება გლობალურად მომატებული გაურკვევლობის ფონზე.

გლობალურად მომატებული გაურკვევლობა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო ტარიფების დაწესებამ და სხვა მსხვილი ეკონომიკების საპაუსხო, თუმცაღა სხვადასხვაგვარმა, ზომებმა, გასულ თვეში მნიშვნელოვნად შეცვალა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები. ვინაიდან ნაკლებსავარაუდოა რომ პროტექციონიზმსიკენ გლობალურმა გადახრამ რომელიმე ცალკეულ ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედოს, ეკონომიკური ზრდის მოლოდინები შემცირდა, ხოლო საინვესტიციო მოთხოვნამ შედარებით უსაფრთხო აქტივებისაკენ გადაინაცვლა, რამაც ოქროს ფასის ისტორიულ მაქსიმუმამდე ზრდა განაპირობა. მეორე მხრივ, გლობალური რეცესიის შიშების გამო, აშშ დოლარისა და ნავთობის ფასები შემცირდა, რაც მიმდინარე მოვლენების არაპირდაპირ ეფექტებზე აქცენტის გაკეთების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის დაწესებული პოლიტიკის გადახედვის ან სულაც გაუქმების შესაძლებლობაც.

სავარაუდო გავლენა საქართველოზე სატარიფო პოლიტიკის გამოცხადებული სახით შენარჩუნების შემთხვევაში - ზომიერად უარყოფითი ეფექტი ზრდაზე, ხოლო ლარის კურსისთვის ამ ეტაპზე პოზიტიური, თუმცა პოტენციურად ნეგატიური შედარებით ხანგრძლივ პერსპექტივაში. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ სავაჭრო ტარიფების დაწესების შედეგად, ყველაზე მეტად ევროკავშირი - საქართველოში სავალუტო შემოდინებების უდიდესი წყარო, ჩინეთი, ისრაელი და თავად აშშ დაზარალდებიან. თუმცა, გლობალური მოთხოვნის შემცირებით გამოწვეული ეფექტები საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორებზეც უარყოფითად აისახება, მათ შორის ნავთობზე დამოკიდებულ ეკონომიკებზე. მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო შემოდინებების დივერსიფიკაცია ხელს უწყობს საქართველოს მდგრადობას გარე შოკების მიმართ, ჩვენი შეფასებით, პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შემცირება საქართველოს ზრდასაც დაახლოებით 0.7 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.

მეორე მხრივ, ვვარაუდობთ, რომ ნავთობის ფასების შემცირებით გამოწვეული დეზინფლაციური ეფექტი სწრაფად გახდება შესამჩნევი და წლიური ინფლაცია უკვე მომდევნო თვეში 0.1-0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდება, ხოლო თუ გლობალური ფასები უცვლელი დარჩება, ეფექტი პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტსაც მიაღწევს.

რაც შეეხება ლარს, ვფიქრობთ, პოტენციური ეფექტები მოკლე და გრძელვადიან პერსექტივაში განსხვავებული იქნება. კერძოდ, დოლარის გლობალურად დასუსტების მყისიერი ეფექტი ლარისთვის მკვეთრად პოზიტიურია - ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ მყარდება, სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გამყარებამ კი ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მცირედით დასუსტებაც გამოიწვია. თუმცა, უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, სავაჭრო პარტნიორებიდან მოთხოვნისა და, შესაბამისად, სავალუტო შემოდინებების შემცირება, ლარისთვის გარკვეული უარყოფითი ეფექტების წარმოშობასაც მოასწავებს.

ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია - საშუალო და გრძელვადიან ინდიკატორებზე ორიენტირება მნიშვნელოვან სარგებელს იძლევა. ტარიფების პოლიტიკა და აშშ დოლარის მიმართ მოლოდინების გაუარესება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში ბაზრის განწყობები ხშირად მნიშვნელოვნად იცვლება, რის საპირწონედაც ჩვენი რჩევა მოკლევადიან რყევებზე ზედმეტი აქცენტის გაკეთებისგან თავის შეკავება და უფრო მეტად საშუალო და გრძელვადიანი ინდიკატორების გათვალისწინებაა. მაგალითისათვის, 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც ევრო თავის წონასწორულ ნიშნულთან შედარებით გაუფასურდა, მართალია დამატებით დასუსტებას ვერ გამოვრიცხავდით, თუმცა გრძელვადიან შეფასებაზე დაყრდნობით, ჩვენი რჩევა ევროში ნაკლები სესხის აღება იქნებოდა. შესაბამისად, ევროზონის ვალუტის ამჟამინდელი გამყარება ამ მომენტისთვის ევროში მეტი სესხის აღების მომგებიანობაზე მიანიშნებს, თუმცაღა, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ რომ ევრო/დოლარი, თავის გრძელვადიან ტრენდთან შედარებით, ჯერაც სუსტი რჩება. საილუსტრაციოდ, დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის წარმოდგენილი ჩარჩო, საქართველოს კორპორატიულ სექტორში, 2013 წლიდან დღემდე 8 მილიარდი ლარის პოტენციურ სარგებელზე მიუთითებს. შედარებისათვის, საქართველოში კორპორატიული სესხების მოცულობა 22 მილიარდი ლარის ექვივალენტია.

მიმდინარე დინამიკა საქართველოშიუახლესი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მიუთითებს, ეროვნული ბანკი კი რეზერვების შევსებას უკვე უფრო მოცულობითი ინტერვენციებით ახორციელებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, ბოლო მოვლენებმა საქართველოს ზრდის განტოლებაში საგარეო კომპონენტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ამასთან, რას გვიჩვენებს ეკონომიკური აქტივობის უახლესი ინდიკატორები?

მარტსა და აპრილში გაუმჯობესება იკვეთება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და უნაღდო დანახარჯებში, მათ შორის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე, თუმცა, ჩვენი შეფასებით, მიგრანტების ხარჯები მარტში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ შედარებით შემცირდა. ექსპორტის ზრდას ძირითადად კვლავ რე-ექსპორტი განაპირობებს, ხოლო ფულადი გზავნილების მხრივ, მარტში, რუსეთიდან მიღებული გზავნილების მაღალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებითაც კი, 4%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები მარტში მხოლოდ მცირედით გაუარესდა იმპორტის აღდგენის გამო, ხოლო დეპოზიტების სავალუტო კონვერტაციების დინამიკა ბოლო პერიოდში მეტნაკლებად ლარისთვის პოზიტიური გახდა. შესაბამისად, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან შეფასებებზე დაყრდნობით, ლარი, წონასწორულ ნიშნულებთან შედარებით, უფრო სუსტია.

ზემოხსენებულმა ფაქტორებმა, აშშ დოლარის გლობალურ დასუსტებასთან ერთად, რეზერვების შესავსებად უფრო მოცულობითი ინტერვენციების განხორციელების შესაძლებლობა მისცა ეროვნულ ბანკს, რომელმაც მარტში სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 102 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო აპრილში განხორციელებული შესყიდვების მოცულობა, ჩვენი შეფასებით, კიდევ უფრო დიდი იქნება. ამ ფონზე, თუკი სამომავლოდ აშშ დოლარი კიდევ უფრო მკვეთრად არ გაუფასურდება, ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ გაუმჯობესებული სავალუტო ნაკადები სებ-ის საერთაშორისო რეზერვების შევსებას უფრო გამოიწვევს, ვიდრე ლარის მნიშვნელოვან გამყარებას.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება