საქართველოში 25 ათასამდე არალეგალია - რა იზიდავთ აქ და რომელი ქვეყნებიდან მოდიან
დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე
დრონების მასირებული შეტევა თუ დივერსიული აქტი - რა სიურპრიზს უმზადებს კიევი მოსკოვს 9 მაისის აღლუმის ჩასაშლელად
* * *
საქართველოში 25 ათასამდე არალეგალია - რა იზიდავთ აქ და რომელი ქვეყნებიდან მოდიან
"შს სამინისტროს მონაცემებით, ამ მომენტისთვის ქვეყანაში 20-დან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია, თუმცა ეს არის ე.წ. უხეში დათვლებით. შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის შეფასებით, ზუსტი ციფრის დადგენა ჭირს, რადგან ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს. დარახველიძემ ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. სამი კომიტეტის გაერთიანებულმა სხდომამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განიხილა და მხარი დაუჭირა. დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძირითადად ახლა შემოდიან ინდოეთიდან, აფრიკის, ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებიდან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოში 25 ათასამდე არალეგალია - რა იზიდავთ აქ და რომელი ქვეყნებიდან მოდიან.
“რომ შემოდიან, ცდილობენ მერე ევროპაში გავიდნენ. საქართველო გამოიყენონ, როგორც შუამავალი ქვეყანა. სხვათა შორის, ჩამოდიან თავიანთი მანქანებით, ქირაობენ ბინებს. შენგენის ქვეყნებთან კი გვაქვს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ საქართველოს მოქალაქე უნდა იყო და ესენი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მათი მიზანია, რომ აქ შემოვიდნენ, გაჩერდნენ, ზოგი ხელს აწერს და ისე იღებს მოქალაქეობას - შეთანხმებით კორუფცია ყველაფერს აკეთებს... ეს ხალხი ძირითადად ინდოეთიდან შემოდის. ინდოელებს არ აქვთ უვიზოდ შემოსვლის უფლება და ძირითადად ეგენი არიან, თუმცა არის სპეციალური სასწავლო ვიზა, ამით შემოდიან, მერე რჩებიან, ძირითადად სამედიცინო სასწავლებლებში სწავლობენ. არიან ასევე აფრიკის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით გაიზარდა სირიიდან და არაბული ქვეყნებიდან. ესაა, რაც ჩვენ მონაცემი გვაქვს, თორემ ზუსტ მონაცემებზე საზღვრის დაცვის დეპარტამენტს უნდა ვკითხოთ. ჩვენ გვაქვს ის მონაცემები, რაც უბრალო დაკვირვების შედეგადაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ სულაბერიძე.
“დემოგრაფმა უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ახალი მექანიზმი ინერგება და რომლითაც უცხოელისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა ქვეყანაში შემოშვების გარეშე, სახელმწიფო საზღვარზე მოხდება. “თავშესაფარი რომ მისცე, მოთხოვნები სხვადასხვაა - თანხა რამდენი აქვს დანაზოგი, ვისგან აქვს მოწვევა და ბევრი რამ და ჩვენთან ამ მოთხოვნებს რა პრინციპებს ჩაუდებენ, ვერ გეტყვით”, - დასძენს სულაბერიძე. ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, ამ დროის მდგომარეობით, საქართველოში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება. “მიგრანტებს სხვადასხვა უწყება აღრიცხავს. ადამიანების დადარება რომ მოხდეს, მათ სახელსა და გვარში ერთი ასოც რომ შეიცვალოს, ეს გაორებას იწვევს - მოგეხსენებათ, ზოგიერთ უცხოელს ხუთ-ექვს სიტყვიანი სახელი და გვარი აქვს. ჩვენი ინფორმაციით, უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია - შეიძლება მეტიც იყოს”, - ამბობს დარახველიძე, რომლის თქმით, “ამას ემატება ადამიანები, რომლებიც თავშესაფრის სისტემაში არიან, ვისაც ბინადრობის მოწმობა და ვიზა აქვს”, - განაგრძობს გამოცემა.
“უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში ახალი მექანიზმი ინერგება, რომლის ამოქმედების შედეგად, რიგ შემთხვევებში, უცხოელისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვა მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე - საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოხდება. განცხადება საზღვრის პროცედურით შემდეგ შემთხვევებში განიხილება: - თუ არსებობს განცხადების დაუშვებლად ცნობის ან დაჩქარებული წესით განხილვის საფუძვლები; თუ პირი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის; თუ პირი გაძევებული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო. განცხადების საზღვარზე განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა 28 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს”, - დასძენს გამოცემა.
“ალექსანდრე დარახველიძის თქმით, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირთა განთავსებისა და სათანადო პირობების შექმნის მიზნით, საჭირო იქნება სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე შესაბამისი სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა. “განსაკუთრებით პრობლემა უკრაინის ომის შემდეგ შეიქმნა. როდესაც უკრაინის გარკვეული ტერიტორიები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა, მათ შორის პენიტენციური დაწესებულებები იყო. დაიწყო ციხეებიდან გარკვეული რაოდენობის პატიმრების გათავისუფლება. ეს ადამიანები პირდაპირ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოვიდნენ. მათ მხოლოდ ციხიდან გათავისუფლების დოკუმენტი ჰქონდათ. რუსეთი მათ უკან არ იბრუნებდა და ეს ადამიანები ნეიტრალურ ზონაში დარჩნენ. უსაფრთხოების სამსახურს გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდა, რომ ქვეყანაში მათი შემოშვება გარკვეული საფრთხის შემცველი იყო. ეს ადამიანები საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდნენ და ჩვენ არანაირი მექანიზმი არ გაგვაჩნდა”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, რომლის თქმით “თუ უკან დაბრუნდებოდნენ, ომში ჩართვა მოუწევდათ”, - წერს სტატიის ავტორი.
დარახველიძის განმარტებით, “საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მოითხოვს, რომ ადამიანები თავშესაფრის ეფექტური სისტემით უზრუნველვყოთ. ამიტომ საქართველოს ამ პირების ქვეყანაში შემოშვება მოუწია. რა თქმა უნდა, დაწესდა კონტროლი მათ გადაადგილებასა და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ ქურდობისთვის ნასამართლევი პირები არ იყვნენ - მათ საკმაოდ რთული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. მაშინ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს დავუსვით კითხვა, თუ რა უნდა გვექნა და ასეთ დროს რა იყო გამოსავალი. მათი მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ქვეყნებს აქვს პრაქტიკა საზღვარზე საკითხის განხილვის ისე, რომ პირი ქვეყანაში არ დაუშვას, თუმცა უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირობებით”, - დასძენს სტატიის ავტორი.
დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე
“ვაგზლის” ბაზრობაზე დაახლოებით 15 ათას კვადრატზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართები. ხანძრის გამო, რომელიც დილის 6 საათისკენ გაჩნდა, არავინ დაშავებულა, თუმცა, ძლიერი დაკვამლიანების გამო პაციენტების ევაკუაცია მიმდინარეობდა ახლომდებარე კლინიკებში. ჯერჯერობით უცნობია რა არის ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი, თუმცა, თავად მოვაჭრეები ხელოვნურად გაჩენას არ გამორიცხავენ. “ვაგზლის” ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები კვლავ აგრძელებენ მუშაობას, მობილიზებულია პოლიციაც. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა და ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორადი ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე.
“ტერიტორიაზე შეკრებილები იყვნენ მოვაჭრეები, რომელთა მაღაზიებიც ხანძრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა. მოვაჭრეების თქმით, სავაჭრო ფართების ნაწილი სრულად დამწვარია, მაღაზიების ნაწილში კი გარკვეული საქონლის გადარჩენა მოხერხდა. ადგილზე შეკრებილი მოვაჭრეების თქმით, ხანძრის მიზეზების შესახებ არანაირი ვერსია არ აქვთ: “მე რომ მოვედი, უკვე მოდებული იყო ალი. დამწვარი იყო ყველაფერი. ის ადგილი, ჩემი მაღაზიის ადგილი სულ ჩამწვარი იყო, რომ მოვედი. არც ეჭვი გვაქვს, არაფერი ვიცი”, - განაცხადა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მოვაჭრემ. მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ საქონელი დაზღვეული ჰქონდათ. “რომ გამოვდივარ, საერთოდ ვთიშავ შუქს და თუ ვინმემ დატოვა რაღაც, ეგ არ ვიცი. არ გამოვდივარ ისე, სიგნალიზაციაზე მყავს აყვანილი. მე დაზღვევა მაქვს. რაღაც ნაწილი გადარჩა. გარეთ ყრიან ახლა, თუ რამე გადარჩა. მაგრამ, თუ წყალი შეესხა, გაფუჭდება. რას გადავარჩევ, არ ვიცი”, - განაცხადა მოვაჭრემ. “სახლში ვიყავი, დამირეკეს, ხანძარიაო. ეს იყო შვიდის ნახევარი და მოვედით აქ”, - განაცხადა ადგილზე მყოფმა კიდევ ერთმა მოვაჭრემ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ძლიერი ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მიმდინარეობდა. პაციენტები სხვა კლინიკებში სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს. სახანძრო-სამაშველოს მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა, რომ დაახლოებით 15 ათას კვადრატი დამწვარია. “112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე... ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული იყო 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა... ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება”, - განაცხადა ლევან მუსელიანმა, რომლის თქმით 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები”, - დასძენს გამოცემა.
დრონების მასირებული შეტევა თუ დივერსიული აქტი - რა სიურპრიზს უმზადებს კიევი მოსკოვს 9 მაისის აღლუმის ჩასაშლელად
“9 მაისის აღლუმის მოახლოებასთან ერთად მოლოდინია, რომ კიევი მოსკოვში სიუპრიზის მოსაწყობად ემზადება. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ვარაუდობენ, რომ შესაძლოა უკრაინელებმა აღლუმის ჩასაშლელად მოსკოვში ტერაქტი, მასირებული, ან სადაზვერვო დივერსიული აქტი განახორციელონ. “შესაძლოა უკრაინელებმა მასირებული დრონებით შეტევა განახორციელონ და ეცადონ აღლუმის ჩაშლა. არც ისაა გამორიცხული, რომ სადაზვერვო დივერსიული აქტი განახორციელონ. სავარაუდოდ, ეს ორი ვარიანტი განიხელება”, - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაიამ. კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ კიევში ფიქრობენ, 9 მაისის აღლუმის ჩაშლა ეფექტური იქნება, თუმცა, მას უჭირს თქმა რა სიუპრიზს შეიძლება ამზადებდნენ უკრაინელები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დრონების მასირებული შეტევა თუ დივერსიული აქტი - რა სიურპრიზს უმზადებს კიევი მოსკოვს 9 მაისის აღლუმის ჩასაშლელად.
“რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმს 18 ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. ერთ-ერთი გამოცემა შესაბამის ინფოგრაფიკასთან ერთად ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამსწრეთა სია ასე გამოიყურება: ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი; ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი, ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა - ბრაზილია; იბრაჰიმ ტრაორე - ბურკინა ფასო, ნიკოლას მადურო - ვენესუელა, ტო ლამი - ვიეტნამი; კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - ყაზახეთი; სადირ ჟაპაროვი - ყირგიზეთი; სი ძინპინი - ჩინეთი; მიგელ დიას-კანელი -კუბა; მაჰმუდ აბასი - პალესტინა; მილორად დოდიკი - სერბთა რესპუბლიკა, ალექსანდრ ვუჩიჩი - სერბეთი; რობერტ ფიცო - სლოვაკეთი; ემომალი რაჰმონი - ტაჯიკეთი; გურბანგული ბერდიმუხამედოვი - თურქმენეთი; შავკატ მირზიოევი - უზბეკეთი. მოწვევები ასევე გაეგზავნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის და მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნაგიინ ხურელსუხს, თუმცა მათ ჯერ არ დაუდასტურებიათ, ჩავლენ თუ არა მოსკოვში. გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღონისძიებას არ დაესწრება. ამასთან, რუსული მედია იუწყება, რომ 9 მაისის აღლუმს დაესწრება “აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბადრა გუნბა”, რომელიც “სახელმწიფო ლიდერების” ჩამონათვალშია” , - აღნიშნავს გამოცემა.
“კიევში ფიქრობდნენ, რომ 9 მაისის აღლუმის ჩაშლა ეფექტური იქნება. სიუპრიზის არსი იმაში მდგომარეობს, რომ როცა ეს მოხდება, მისი შინაარსიც მერე გაჟღერდება. ამ საკითხზე რაღაც საუბრები სულ არის და მართალი გითხრათ, არც ვიცი რა იგეგმება. არც შეიძლება ვიცოდე რა ტიპის სიუპრიზი შეიძლება იყოს. თუმცაღა ყველაფერი არის მოსალოდნელი, თუნდაც მოსკოვში ტერაქტი, ან რაღაც ახალი გარკვეული შეტევა უკრაინელების მიერ ფრონტზე, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვერ გეტყვით. ერთადერთი ვიცი ის, რომ კიევში მიიჩნევდნენ, ყოველ შემთხევაში ამ თემაზე სოციალურ ქსელებში საუბარი იყო, რომ 9 მაისის ღონისძიებისთვის ხელის შეშლა ეფექტური იქნება. მაგრამ მე არ შემიძლია გითხრათ, ეს რამდენად გამოუვათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"