უკრაინული მედია - აშშ-სა და უკრაინის მიერ გაფორმებული იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება 57 სახის სასარგებლო წიაღისეულისა და აშშ-ის სამხედრო დახმარების საკითხს მოიცავს

აშშ-სა და უკრაინის მიერ გაფორმებული იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება 57 სახის სასარგებლო წიაღისეულისა­ და აშშ-ის სამხედრო დახმარების საკითხს მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებული „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმება პოლიტიკურ პარამეტრებს განსაზღვრავს, კერძოდ, თანამშრომლობას მინერალური რესურსების განვითარების, სასარგებლო წიაღისეულის გაყიდვისა და ამერიკული დახმარების, მათ შორის სამხედრო დახმარების საკითხებში, რომელსაც უკრაინა მომავალში მიიღებს.

მედიის ცნობით, ბევრი დეტალი, მათ შორის პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე, „ტექნიკურ შეთანხმებაში“ ჩაიწერება, რომელიც ამ ეტაპზე ხელმოსაწერად მზად არ არის.

შეთანხმების თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის სია, რომლის მოპოვებასაც დოკუმენტი ითვალისწინებს, შესაძლოა მხარეებს შორის კონსულტაციების შედეგად გაფართოვდეს. ამასთან, შეთანხმება სხვა სახის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და მისგან მიღებულ შემოსავლებს არ არეგულირებს და ასევე, არ ვრცელდება უკრაინის ინფრასტრუქტურიდან მიღებულ შემოსავლებზე.

„თუ [აშშ-ის მთავრობა] უკრაინის მთავრობას რაიმე ფორმით ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევს (მათ შორის, იარაღის სისტემების, საბრძოლო მასალის, ტექნოლოგიების გადაცემით ან წვრთნების გზით), ფონდში აშშ-ის შენატანი მსგავსი სამხედრო დახმარების მიახლოებითი ღირებულებით გაიზრდება“, - ნათქვამია შეთანხმებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში მოაწერს. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა