სომხეთის ოპოზიციური ფრაქცია ნიკოლ ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამს

სომხეთის პარლამენტში სიდიდით მეორე ოპოზიციური ფრაქცია „მაქვს პატივი“ მზადაა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცესი დაიწყოს, - „სპუტნიკ-არმენიას“ ცნობით, ამის შესახებ ფრაქციის ხელმძღვანელმა, ჰაიკ მამიჯანიანმა განაცხადა.

„ვადასტურებთ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების შეცვლის მიღწევის ყველაზე შესაძლო გზა პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესია. იმისათვის, რომ ეს პროცესი ზედმეტი პოლიტიკური ამბიციებით არ გავართულოთ, ვაცხადებთ, რომ ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატი არ გვყავს. გამოვთქვამთ მზადყოფნას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განვიხილოთ კანდიდატის საკითხი და დავიწყოთ პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი“, - განაცხადა მამიჯანიანმა.

მისი თქმით, თუ ოპოზიციური ფრაქცია, „სომხეთი“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის კანდიდატურას წარადგენს, ისინი მას მხარს დაუჭერენ.

პარლამენტის წევრებს იმპიჩმენტის პროცესის დაწყების წინადადებით ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა: ნარეკ მალიანმა და ედგარ კაზარიანმა მიმართეს.

„სპუტნიკ-არმენიას“ განმარტებით, პროცესის დასაწყებად, ინიციატორებმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატი უნდა წარადგინონ. მთავრობის მეთაურისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად, იმპიჩმენტს მხარი 107 დეპუტატიდან სულ მცირე 54-მა უნდა დაუჭიროს. ოპოზიციურ ფრაქციებს - „სომხეთი“ და „მაქვს პატივი“ 34 დეპუტატი ჰყავთ. მმართველ პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებას“ 69 მანდატი აქვს. პარლამენტის კიდევ ოთხი წევრი კი დამოუკიდებელი დეპუტატია.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!