სალომე ზურაბიშვილი - გადავწყვიტეთ, ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი, 9 მაისს კი გამოვიდეთ და ევროპა დავუპირისპიროთ რუსიფიკაციას - სადაც არ უნდა გაიხედოთ, მაღაზიებში, რესტორნებში, ძირითადად, რუსები არიან, საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და რუსები ხეირობენ

მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც ევროპის დღე და ამასთან, პასუხია ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე, რომელსაც დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ ჩვენს ქუჩებში - უნდა გამოვიდეთ და ევროპა ამ რუსიფიკაციას დავუპირისპიროთ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და სამაგიეროდ, „რუსები ხეირობენ“.

„მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და ამასთან, პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე, რომელსაც დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ ჩვენს ქუჩებში, ჩვენს მაღაზიებში, ჩვენს რესტორნებში. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად, რუსები არიან, რომლებიც ამ ქვეყანაში კომფორტულად ცხოვრობენ. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და სამაგიეროდ, რუსები ხეირობენ, მაგრამ ჩვენ 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას; დავუპირისპიროთ ის ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ.

რაც მთავარია, გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ, ვინც იყო, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად - პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა, ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს.

26 მაისი ჩვენია! 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს, შემდეგ 26 მაისს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ თემებზეც.

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც ქვეყანაშია. ეს თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი პატიმარი, რომელსაც 30 დაზიანება დაუფიქსირდა „ვივამედის“ ოფიციალურ დოკუმენტში. ეს არის ჩვენი დღევანდელი ქვეყნის სურათი. კიდევ უფრო მძიმე ამ სურათიდან გამომდინარე ისაა, რომ არ შეიძლება დღეს გვქონდეს რამე მოლოდინი ან იმედი ან გამოძიების, ან სასამართლოსი. ეს არის სწორედ ის, რაც ამ ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, რომ დავიბრუნოთ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ჩაატარებენ გამოძიებას, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება. მთავარი - დავიბრუნოთ სასამართლო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა