ლაშა ხუციშვილი - ADB-მ დაადასტურა, რომ ყველა მიმდინარე პროექტი გრძელდება - ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას

„აზიის განვითარების ბანკმა“ (ADB) დაადასტურა, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც საქართველოში მათი მხარდაჭერით ხორციელდება, გრძელდება, - ამის შესახებ მილანში ADB-ის 58-ე წლიურ შეხვედრაზე მყოფმა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ADB-მ გამოთქვა სურვილი, რომ თუ საქართველოს ექნება ახალი პროექტების დაფინანსების სურვილი, ბანკი ფინანსურ მხარდაჭერაში აქტიურად ჩაერთვება.

„მილანში მიმდინარე წლიური შეხვედრის დროს შეხვედრები გაიმართა ADB-ის პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან, აღმასრულებელ დირექტორთან, რეგიონულ დირექტორთან და ა.შ. ADB-მ ყველა ეტაპზე დაადასტურა, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც საქართველოში მათი მხარდაჭერით ხორციელდება, გრძელდება. ასევე, ბანკმა გამოთქვა სურვილი, რომ თუ იქნება ახალი პროექტების დაფინანსების სურვილი საქართველოს მხრიდან, ADB-ი აქტიურად ჩაერთვება ყველა ამ პროექტის მხარდაჭერაში. დაფინანსების კუთხით ბანკი არის ძალიან მოქნილი, ამასთან ერთად, აქვს რესურსი და სურვილი, რომ საქართველოში პროექტების დაფინანსება გაგრძელდეს“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა ახალ სასესხო შეთანხმებაზე, რომელიც მხარეებს შორის ADB-ის წლიური შეხვედრების პარალელურად გაფორმდა. საუბარია 98 მილიონი ევროს ოდენობის სესხზე, რომლითაც საქართველო ელექტროენერგიის დამაგროვებლებს შეიძენს.

„აზიის განვითარების ბანკი“ არის საქართველოს საკმაოდ ხანგრძლივი პარტნიორი. მისი პორტფელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია - დაახლოებით 5.1 მილიარდ აშშ დოლარს მოიცავს და ფარავს ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას, რაც ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო: ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურა, წყლის ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, განათლების სექტორი, ენერგეტიკა და ა.შ.

ADB-სთან ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას. წლიური შეხვედრების ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც 98 მილიონი დოლარის ფარგლებშია. ამ თანხით საქართველომ უნდა შეიძინოს და დანერგოს ელექტროენერგიის შემნახველი სისტემები. ეს იქნება პირველი მსგავსი ტიპის პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება და უმნიშვნელოვანესი იქნება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მანვე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ADB-ი გამოთქვამს მზაობას, რომ თუ ენერგოდამაგროვებლების პროექტი წარმატებული იქნება და საქართველოს მსგავსი პროექტის განხორციელების სურვილი ექნება, დამატებით გამოყოფს თანხებს.

შეგახსენებთ, რომ 58-ე ყოველწლიური შეხვედრები მილანში 4-7 მაისის პერიოდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა - „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის შენება”.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება