პოლიციელი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებულების პროცესზე - მოქალაქეები ისროდნენ პირდაპირ პოლიციის მიმართულებით, თუმცა ვინ ისროლა კონკრეტულად ჩემი მისამართით პიროტექნიკა, ვერ დავინახე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი მომდინარეობს.

დღევანდელი პროცესი პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. ამ ეტაპზე, დაიკითხა პოლიციელი გივი წიქორიძე, რომელიც აღნიშნულ საქმეში დაზარალებულია. მან ისაუბრა, 28 ნოემბრის აქციის ღამეს, რა გარემოებებში მიიღო თვალის არეში დაზიანება.

„28 ნოემბერს ჭიჭინაძის კუთხეში ვიდექი, სადაც საკმაოდ ბევრი რაოდენობის აქციის მონაწილე იყო. დიდი აგრესია იყო პოლიციის მიმართ, ისროდნენ პიროტექნიკას, კვერცხებს. წყლის ბოთლები სავსე იყო ქვიშით. იყო ქვის ნატეხები.

მარცხენა თვალის არეში მომხვდა პიროტექნიკა. ნივთებს ისროდნენ რუსთაველის გამზირიდან ჭიჭინაძეზე პოლიციის მიმართულებით. ჩვენ ვიდექით, წესრიგს ვიცავდით და ამ დროს აგრესია გამოხატეს ჩვენს მიმართ. დაახლოებით 40-50-მდე პოლიციელი ვიყავით. როცა თვალზე მივიღე დაზიანება, გადაადგილება ვერ შევძელი. ერთ-ერთმა თანამშრომელმა წამიყვანა ჭიჭინაძის ქუჩისკენ, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა, შემდეგ კი წამიყვანეს საავადმყოფოში. თითქმის, ვისაც მოხვდა ეს საგნები, ყველასთვის იყო დამაზიანებელი.

მოქალაქეები ისროდნენ პირდაპირ პოლიციის მიმართულებით, თუმცა ვინ ისროლა კონკრეტულად ჩემი მისამართით პიროტექნიკა, ვერ დავინახე“, - განაცხადა გივი წიქორიძემ.

სხდომაზე ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოწმე პოლიციელს ჰკითხა, რაიმე ტიპის საგამოძიებო პროცესში მიიღო თუ არა მონაწილეობა, კერძოდ კი, საქმეზე დაკავებული პირების ამოცნობის პროცესში, რაზეც გივი წიქორიძემ უპასუხა, რომ მათი ამოცნობის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, რადგანაც თვალი ჰქონდა დაზიანებული.

ამის შემდგომ, ერთ-ერთი ბრალდებულის, ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ ჰკითხა გივი წიქორიძეს, ხომ არ უნახავს ისეთი ფაქტი, რომ აქციაზე კონკრეტული მითითებები გაეცა ზვიად ცეცხლაძეს? რაზეც მან ასე უპასუხა: „კონკრეტულად არ დამინახავს, შესაძლებელია აქ იყო“.

ამასთან, მისი თქმით, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ჭიჭინაძის ქუჩაზე ასვლას და ამავდროულად, იყვნენ აგრესიულები, რა დროსაც პოლიციამ გზა გადაკეტა. მას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჰკითხა, თუ ვინ უბრძანა ჭიჭინაძის ქუჩის გადაკეტვა, გივი წიქორიძემ საპასუხოდ განმარტა, რომ ვერ იხსენებს ხელმძღვანელს, ვისგანაც იღებდა ბრძანებებს.

სხდომაზე, ბრალდებულმა ზვიად ცეცხლაძემ ჰკითხა მოწმეს, უშუალოდ, რამ გამოიწვია მისი თვალის დაზიანება, ფოიერვერკმა, თუ სხვა ნივთმა? რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ “ფოიერვერკმა”.

შეკითხვა გივი წიქორიძეს ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა კიდევ დაუსვა - ზუსტად იცის, თუ არა ის, რომ მისი დაზიანება მოჰყვა “ზვიად ცეცხლაძის მიერ დაორგანიზებულ ქმედებას?”, რაზეც პოლიციელმა ასე უპასუხა: “ეს ზუსტად არ ვიცი”.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო