მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ GCCA-ის გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში საუკეთესოდ დასახელდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები მსოფლიო ბანკის (World Bank Group) და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ საუკეთესოდ დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დაჯილდოება 8 მაისს, შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) 24-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც GCCA-ის თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა.

ნომინაციაში - კერძო ინვესტიციების, სამუშაო ადგილებისა და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდისთვის მდგრადი კონკურენტული პროცესის მხარდაჭერა - გაიმარჯვა GCCA-ის ქეისმა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მონიტორინგის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შედეგად განხორციელებულ რეფორმებს, შეთანხმებული ქმედებების გამოვლენის გადაწყვეტილებებს ეხებოდა.

კერძოდ, GCCA-ის მიერ ფარმაციის ბაზარზე 13 რეკომენდაცია გაიცა, რის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად ქვეყანაში დაინერგა ელექტრონული რეცეპტის სისტემა, ამოქმედდა GMP და GDP სტანდარტი, დაინერგა რეფერენტული ფასი 7000-მდე მედიკამენტზე, შედეგად რიგ მედიკამენტებზე ფასები შემცირდა და პაციენტებმა მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთება შეძლეს. 2023 წელს კი GCCA-ს მიერ 4 ფარმაცევტული კომპანია 53 მლნ. ლარით დაჯარიმდა - სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის მიზნით გამოცხადებულ კონკურსებში იდენტური ფასწარმოქმნის დაწესების გამო.

მეორე ნომინაციაში - სახელმწიფო შესყიდვების გაძლიერება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების აღმოფხვრა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მიზნით, გამარჯვებული ქეისი ეხებოდა - GCCA-ის მიერ მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, სადაც მუნიციპალურ ტენდერში 4 კომპანიის შეთანხმებული ქმედება გამოვლინდა.

კონკურენციის საერთაშორისო ქსელი (ICN) 160-მდე ქვეყნის კონკურენციის და ანტიმონოპოლიურ უწყებას აერთიანებს. 2025 წელს გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა: 500-მდე დელეგატი, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება