პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. საკითხი სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონის მოძველებული ნორმები ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, ამიტომ ხდება კანონით დადგენილი ნორმების დახვეწა და არსებულ რეალობასთან მორგება.

მისი განმარტებით, დიპლომატიური თანამდებობის პირებისთვის და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არაუმეტეს ერთ წლამდე ვადით.

„აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებებით, რომ კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკისა და ამ ქვეყანასთან არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი ხდება მივლინებული პირისთვის გრძელვადიანი როტაციის ვადის 6 თვეზე მეტი ხნით გაგრძელების საჭიროება", - განაცხადა მომხსენებელმა.

გარდა ამისა, ტექნიკური ხასიათის ცვლილება ხორციელდება კანონის იმ ნორმებში, რომელიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, აღნიშნულ საკითხებს დეტალურად აწესრიგებს დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი, რომელიც მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული.

შესაბამისად, ნორმათა დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, ხდება კანონიდან ამ ნორმების ამოღება და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში გადატანა.

ხათუნა თოთლაძის განმარტებით, მოქმედი კანონის ნორმები ითვალისწინებს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირის როგორც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, ისე, საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის პოპულარიზაციის მავალდებულებელ ნორმებს.

„მიუხედავად აღნიშნულისა, დღის წესრიგში დადგა მოცემული ვალდებულების უფრო მეტად დაკონკრეტება და პრევენციული ღონისძიების დადგენის საჭიროება", - განაცხადა მომხსენებელმა.

ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება კანონის იმ ნორმებში, რომელიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს.

კანონპროექტით, შეიქმნა ეთიკისა და ქცევის წესების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უფრო დეტალურ დონეზე მოაწესრიგებს როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს.

გარდა ამისა, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული რეფორმის გათვალისწინებით, დაკორექტირდა და ახლებურად ჩამოყალიბდა ის ნორმები, რომელიც ითვალისწინებდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრეს და დიპლომატურ სამსახურში დასაქმებული პირის შეფასების პერიოდულობას დაკავშირებულ საკითხებს.

მომხსენებლის განცხადებით, პროექტით ასევე, განისაზღვრება ე.წ. არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ცნება. მისი განმარტებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქმიანობის ადგილად, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განისაზღვროს როგორც საზღვარგარეთ ადგილსამყოფელი სახელმწიფო, ასევე, ეს შესაძლოა იყოს თბილისი და მისი საქმიანობის რეზიდენციად განსაზღვრული იყოს წარმგზავნი სახელმწიფო.

„ე.წ. მფრინავი ელჩების ინსტიტუტი არის აპრობირებული და დამკვიდრებული პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში და გადავწყვიტეთ, რომ ეს მექანიზმი ჩვენთანაც იყოს ამოქმედებული", - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია