„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისადმი ირაკლი კობახიძის ღია წერილით „ოცნების“ რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე.
ამის შესახებ ცისკარიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადა, სადაც მეორე დღეა პარტიის თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან ერთად იმყოფება და კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრებს მართავენ.
ცისკარიშვილის თქმით, ასეთი ღია წერილებით საქმე არ კეთდება და „ქართული ოცნება“ ვერ შეაფერხებს „MEGOBARI აქტის“ მიღებას.
„ამ ღია წერილით „ოცნების“ რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, რომ ისინი არიან კოლექტიური რუმინელი კელინგერსკოები, რომელიც ღიად პროპუტინისტი ლიდერი იყო რუმინეთში, რომელიც ვეღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ასევე, იმავდროულად ცდილობენ, რომ შეაფერხონ „MEGOBARI აქტი“ რომელიც უკვე სენატშია გადმოსული, მაგრამ ეს ვერ მოხდება, რადგან ასეთი ღია წერილებით საქმე არ კეთდება. ამ რეჟიმს ყველაზე მეტად ის აღიზიანებს და იმას ვერ ეგუება, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მაინც რჩება პროდასავლურ, პროევროატლანტიკურ ვექტორზე და ინარჩუნებს ერთგულებას იმ ღირებულებების მიმართ, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
კობახიძე წერილში საუბრობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებულ სანქციებზე და აშშ-ის ადმინისტრაციას მისამართით ამბობს, რომ გასაკვირია, რომ ისინი ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებენ.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის სრული თანხვედრაა.
მან ასევე „დიფ სთეითზეც“ ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, „რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება“.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"