ონისე ცხადაძე პოლიციელს - ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ - როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

ბატონო ვახტანგ, ვიდეოზე თქვით, რაღაც ჩანსო და მითხარით, რა ჩანს ბიჭო? ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ საქმის პროკურორს ვახტანგ ცალუღელაშვილს.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ცხადაძეს გაფრთხილება მისცა.

ცხადაძემ კითხვებით მიმართა დაზარალებულ პოლიციელს ივანე კაპანაძეს.

"სპეცრაზმელი როცა აქციის მონაწილეს სცემს, თუნდაც დამნაშავე იყოს, ამას ხედავს პატრულის თანამშრომელი, რეაგირება უნდა ჰქონდეს თუ არა?", - მიმართა ცხადაძემ კაპანაძეს, რასაც მან დადებითი პასუხი გასცა.

"როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?", - მიმართა მას კვლავ იუმორისტმა, რასაც პოლიციელმა კვლავ უარყოფითი პასუხი გასცა.

"იყო კადრი, როცა ბიჭს სახეში ფეხი ჩაარტყეს, თქვენ აქ მოხვედით მარცხენა ხელის დაზიანების გამო, ქვა მოგხვდათ. თქვენთან პრეტენზია არ მაქვს, მაინტერესებს, ზეწოლა ხომ არ არის ვინმეს მხრიდან თქვენზე, პროკურორის ან ვინმეს მხრიდან?",- აღნიშნულ კითხვასაც კაპანაძემ უარყოფითი პასუხი გასცა.

"ანუ თქვენი ნებით მოხვედით აქ, წინა პროცესზეც იყავით, 19-20 წლის ბიჭების საქმეზე"?,- იკითხა ცხადაძემ.

პოლიციელი სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გავიდა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება