გირაოს გადახდა არავის ათავისუფლებს პატიმრობისგან, პატიმრობის რისკი კვლავ ძალაში რჩება, შესაბამისად, ვინ როგორ მიღებს გადაწყვეტილებას, მათზეა დამოკიდებული - ეს საკითხი აბსოლუტურად ხელოვნურადაა შემოტანილი დღის წესრიგში, შესაბამისად, უნდა გავასწოროთ ფოკუსი და ერთმანეთთან ოპონირების ნაცვლად, უნდა გავაგრძელოთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ამ რეჟიმის დასუსტებისკენ იქნება მიმართული, - ამის შესახებ „ლელო/ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა.
მისი თქმით, გირაოს გადახდის საკითხი არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ამის არათანმიმდევრულობამდე დაყვანა მავნებლობაა.
„ეს თანმიმდევრულობასთან დაკავშირებული არ არის. ზურა ჯაფარიძემ დღეს დაწერა და ძალიან სწორი და ღირსეული პოზიცია ჰქონდა, რომ გირაოს გადახდის საკითხი არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ვიღაცის უფრო პრინციპულ ან უფრო მართებულ გადაწყვეტილებად. ეს არის ინდივიდუალური, ტაქტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა სხვადასხვანაირად იღებს. რაც ყველაზე მთავარია, გირაოს გადახდა არავის ათავისუფლებს პატიმრობისგან. პატიმრობის რისკი კვლავ ძალაში რჩება, შესაბამისად, ვინ რა გარემოებებით იხელმძღვანელებს და როგორ მიღებს გადაწყვეტილებას, ეს მათზეა დამოკიდებული. ჩვენს ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ამ ვითარებაში, არ უნდა გავუმარტივოთ ამ რეჟიმს საქმე და უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად შევქმნათ დისკომფორტი. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მიაჩნიათ, რომ ამ დისკომფორტს ისინი რეჟიმს მათი გარეთ ყოფნით უფრო შეუქმნიან, ვიდრე პატიმრობის შესაძლებლობის მოახლოებით. აქედან გამომდინარე, ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ადამიანი იღებს თავად.
მთავარია ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც რეჟიმს დაასუსტებს. ჩვენს ლიდერებს არ მიაჩნიათ, რომ მათი საპატიმროში ყოფნა რეჟიმს დაასუსტებს და რეჟიმისთვის უფრო დიდი პრობლემა იქნება. რეჟიმისთვის უფრო დიდი პრობლემა იქნება, როდესაც ჩვენი ლიდერები იქნებიან გარეთ და გააგრძელებენ აქტიურად საზოგადოებასთან კომუნიკაციას და პოლიტიკურ საქმიანობას. ამიტომ ამის დაყვანა თანმიმდევრულობამდე და არათანმიმდევრულობამდე არის უბრალოდ მავნებლობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს ნათქვამი. ამ განსხვავების ხელოვნურად შემოტანა პროცესში, ვფიქრობ, რომ არის აბსოლუტურად არასაჭირო და დამაზიანებელი,“ - განაცხადა ბუაძემ.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებში მონაწილეობა, თავის მხრივ, ღალატში თანამონაწილეობის ტოლფასია და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მისვლაზე უარი ზუსტად ამიტომ განაცხადეს.
მისივე შეფასებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ „სამარცხვინო დევნა“ მიმდინარეობს.
„ეს კომისია ურტყამდა და ურტყამს ყველაზე გამალებით ჩვენს ჯარს და სამხედროებს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას და ამზადებს პლაცდარმს იმისათვის, რომ შემდეგ ბოდიში მოუხადოს რუსეთს, რომელმაც მოგვიწყო გენოციდი და რომელსაც ჩვენი ქვეყნის გაუბედურებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ამ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა თავის მხრივ, ღალატში თანამონაწილეობის ტოლფასია და ზუსტად ამიტომ განაცხადეს უარი ამ კომისიაში მონაწილეობაზე ჩვენმა ლიდერებმა, ასევე, სხვა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემაც და ამის შედეგი არის ახლა ის სამარცხვინო დევნა, რომლის მომსწრეებიც ვართ,“ - განაცხადა ბუაძემ.
გარდა ამისა, მან გადაცემაში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ კითხვაზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის დასტური იმისა, რომ „ქართლი ოცნების“ პირობებში აშშ-სთან ურთიერთობის არანაირი გადატვირთვა არ მოხდება.
ბუაძის თქმით, „აქ არსებული რაიმე ტიპის ორაზროვნების აღმოფხვრა არის ის, რაც უნდა გააკეთოს ახალმა ადმინისტრაციამ“.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, დასავლელი პარტნიორები ძალიან მკაფიო გზავნილები ესაუბრონ ქართველ საზოგადოებას და დანარჩენ მსოფლიოს. მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს სანქციების პოლიტიკა.
„რუბიოს განცხადებაც არის ამის დასტური, რომ არანაირი ურთიერთობის გადატვირთვა აშშ-სთან „ქართლი ოცნების“ პირობებში არ მოხდება და ჩვენ ეს საზოგადოებამდე მკაფიოდ უნდა მივიტანოთ, რომ „ქართლი ოცნების“ პირობებში საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია გაიზრდება, ან სულ მცირე, იგივე დარჩება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ გავაღრმავებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან, ვერ მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს იქამდე, სანამ ეს მოღალატეობრივი ძალა იქნება ხელისუფლებაში. რა უნდა გააკეთოს ჩვენმა პარტნიორებმა?! უნდა გააკეთონ სწორედ ეს, რომ ამ ორაზროვნებისთვის მაქსიმალურად შეამციროს სივრცე და ძალიან მკაფიო გზავნილებით ესაუბრონ ქართველ საზოგადოებას და დანარჩენ მსოფლიოს. ეს მკაფიო გზავნილები მოიცავს როგორც პირდაპირ გზავნილებს, ასევე კონკრეტულ ნაბიჯებს. რა უნდა გააკეთონ?! ამ კითხვის საპასუხოდ არის ერთი მთავარი ინსტრუმენტი - გაგრძელდეს, გაღრმავდეს ქართველი ხალხის მტრების და მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ სანქციები და ამ სანქციების სრული ძალა იგრძნოს ამ არალეგიტიმური რეჟიმის წარმომადგენლებმა და ამავდროულად, ამ რეჟიმის მხარდამჭერებმა და საყრდენებმა. სანქციების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს და ძალიან მკაფიოდ უნდა უთხრან მთელ მსოფლიოს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში საქართველოსთან ეს გაუარესებული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაუარესდება და არანაირი გადატვირთვის რესურსი არ არსებობს, რაც ფაქტობრივად, დასტურდება როგორც რუბიოს გუშინდელი განცხადებით, ასევე “MEGOBARI აქტის” მიღებით,” - განაცხადა ბუაძემ.
ცნობისთვის, მარკო რუბიომ „ქართული ოცნების“ შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა: „საკუთარ თავს ვკითხავთ: „ჩვენი ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?“ თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს“.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"