რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ეწვია და საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების საგანგებო დავალებათა ელჩის მოადგილეს, მარიაჰ მერსერს შეხვდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა ადამიანის უფლებებისა და რელიგიის თავისუფლების კუთხით ქართული სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეფორმებზე, შეეხო ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას, რომელშიც, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელი რელიგიური სპექტრია წარმოდგენილი; ასევე, საკულტო ნაგებობების გადაცემისა და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხებს.
„ზაზა ვაშაყმაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში არსებულ მდგომარეობას, სადაც უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, რელიგიური უფლებები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა მუდმივ დისკრიმინაციას განიცდის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ ეკლესია-მონასტრებზე კი მიზანმიმართულად შლიან ქართულ კვალს. ამავე კონტექსტში, სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ პროცესებზე. ზაზა ვაშაყმაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანის საჭიროებას.
დიალოგის ერთ-ერთი თემა იყო ამერიკის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ოფისის მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშებში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ობიექტურად ასახვა და ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება.
მარიაჰ მერსერმა გამოთქვა ამერიკის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ოფისის მიერ რელიგიის თავისუფლების თაობაზე გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშებში, საქართველოს შესახებ ასახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თანამშრომლობის სურვილი. მან აგრეთვე, აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, ინფორმაციას მიაწვდის ხელმძღვანელობას, აუცილებლად განიხილავენ და მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ქართული მხარის მიერ დაყენებულ საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ ქალბატონ მერსერს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ და „რელიგიები საქართველოში“ გადასცა,
შეხვედრას ესწრებოდნენ: აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ხათუნა კვესელავა, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველი, სანდრო ინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ალექსანდრე შეყილაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"