ძალიან კარგად გვესმის გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე დგას - არა ვართ ისეთი ფართო რესურსების ქვეყანა, ჩვენი რესურსები ისე გადავანაწილოთ, რომ კოორდინაციას ხელი არ შეეშალოს, - ამ არგუმენტით ახსნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილი დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადატანის ინიციატივა.
შარმანაშვილმა 26 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა და როგორც აღნიშნა, ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს ფართო ავტონომიის პირობებში საქმიანობის შესაძლებლობა ექნება.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად გარდაიქმნება. ის სუს-ის ფარგლებში მოქმედი ეროვნული სადაზვერვო სააგენტო იქნება.
ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე იქნება და მის ზედამხედველობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს.
ამასთან, როგორც შარმანაშვილმა საკომიტეტო სხდომაზე განმარტა, ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლი შემდეგი ფორმებით განხორციელდება: - ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში იქნება ასახული და ეს ანგარიში პარლამენტს არაუგვიანეს 15 აპრილისა წარედგინება. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პარლამენტის ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად, არა უგვიანეს 15 აპრილისა წარუდგეს მოხსენებას წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ, მათ შორის ეროვნული სადაზვერვო საქმიანობის სფეროში.
ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებას და ხარჯვას კი სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეამოწმებს.
„ეს საქვეუწყებო დაწესებულება საკმაოდ დიდ ავტონომიურობას ინარჩუნებს, რაც აქედანაც ჩანს, რომ მას კონტინგენტის შერჩევის განსხვავებული წესი ექნება. ეს არ იქნება ერთიანი, უსაფრთხოების სამსახურში მიღების ჩვეულებრივი წესი. ეს საკითხები განსაკუთრებულ კონფიდენციალობას საჭიროებს და რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ის ავტონომიური იქნება.
ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უფროსი უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან, ასევე სადაზვერვო საქმიანობის ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და დაამტკიცებს სადაზვერვო დავალებებისა და სადაზვერვო ღონისძიებების გეგმებს. თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, გამოსცემს ნორმატიულ აქტებს.
აქაც ავტონომიურობას მეტყველებს ის, რომ ამ აქტებს დამოუკიდებლად ამ სფეროებში გამოსცემს სააგენტოს უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"