ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვის მოწოდებით გამოდის, რომლებიც „მშვიდობიანი შეკრების უფლებას არაპროპორციულად ზღუდავს“

საქართველოს ხელისუფლებამ სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობასთან და მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა შეასრულოს , - ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის კონტექსტში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან საქართველოს წინააღმდეგ საქმეების ორი ჯგუფი განიხილა: „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

„საქმეების ჯგუფი „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა დარღვევას, რომლებიც ძირითადად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არასათანადო მოპყრობასა და ამ დარღვევების არაეფექტურ გამოძიებას უკავშირდება. კომისარი ხაზს უსვამს იმის უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომ სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, განსაკუთრებით საჯარო შეკრებების კონტექსტში, უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. ასევე, კომისარი არასათანადო მოპყრობისა და უკანონო დაპატიმრებების შემთხვევების ეფექტური გამოძიებისა და ყველა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ხილვადი და ინდივიდუალური იდენტიფიცირების მოწოდებით გამოდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კომისარი ხელისუფლებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყოვლისმომცველი რეფორმისკენ მოუწოდებს.

„საქმეში „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც ეხება მშვიდობიანი შეკრებების დროს ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევით გამოყენებასა და არასაკმარის სასამართლო გადახედვას, კომისარი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყოვლისმომცველი რეფორმა უნდა განახორციელოს. ეს უნდა მოიცავდეს ეფექტურ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და საერთაშორისო ორგანოებთან. ასევე, კომისარი რეკომენდაციას უწევს იურიდიულ კონსულტაციაზე ეფექტური წვდომის, სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებისა და დროული, დამოუკიდებელი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფას. და ბოლოს, კომისარი 2024 წლის ნოემბრიდან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვის მოწოდებით გამოდის, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას არაპროპორციულად ზღუდავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო