მოვისმინე, ცრუ ბრალდებები და სხვა დედებთან პარალელების გავლება - არავინ გაბედოთ და ჩემი შვილები მოძალადე კრიმინალებთან და რადიკალ-ექსტრემისტებთან არ შეადაროთ! - მე ვარ დედა 2 და 4 წლის მცირეწლოვნების, რომელთა ფუნდამენტური უფლებები უხეშად დაირღვა, მით უფრო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა გააკეთა, რითაც 17 მაისს მომხარ ინციდენტს გამოეხმაურა.
როგორც მან განაცხადა, 17 მაისს, მცირეწლოვან შვილებთან და დედასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც „რადიკალური აქტივისტები დაესხნენ თავს“.
ლაშხის თქმით, „თავდასხმის დროს რადიკალურმა აქტივისტებმა ბავშვთა უფლებების კოდექსის სხვადასხვა მუხლი დაარღვიეს“.
„მინდა ყურადღება დესტრუქციული ძალების მიერ ორგანიზებულ პროცესებზე, პროტესტის ფორმებსა და აქციებზე გავამახვილო, რომლებიც დღეს, ჩვენს სინამდვილეში, ნორმად იქცა და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება. გახლეჩილი საზოგადოება კი სახელმწიფოს ვერ ააშენებს.
მათი მოქმედებით “ბავშვთა უფლებების კოდექსის“ მრავალი მუხლი უხეში დაირღვა - ბავშვი უნდა იყოს დაცული ძალადობის ყველა ფორმისაგან; ბავშვის დისკრიმინაცია მშობლის საქმიანობის გამო დაუშვებელია; ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპი და ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც უნდა იყოს დაცული; ბავშვს აქვს უფლება უვნებელ გარემოში იცხოვროს და ბავშვის გადაღება მისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია. ეს არის არა მხოლოდ დისკრიმინაცია და საჯარო მოხელეზე თავდასხმა, არამედ ასევე ღირებულებებზე თავდასხმა”, - განაცხადა ლაშხმა.
ლაშხმა განახადა ისიც, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, საკუთარი ვნებების მოთოკვას და სხვისი აზრის მოსმენის ჩვევების განვითარებას გულისხმობს.
„კანონის დარღვევის მიუხედავად, ისინი, რომლებიც ასევე ჩვენი მოქალაქეები არიან, მაინც შეეცდებიან თავისუფლების შეზღუდვად მონათლონ კანონიერი ქმედებები. ამიტომ ნება მომეცით განვმარტო: თავისუფლება ნიშნავს საკუთარი აზრის გამოხატვას, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ყველგან ხედავს და არსად შეზღუდული არ არის - იქნება ეს ღია სივრცეები, სოციალური ქსელები თუ სხვა ნებისმიერი ადგილი. საკუთარი წარმოდგენებით ინტერპრეტირებული რეალობის აგრესიული ფორმები, თავდასხმები კი თავისუფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ქცევაში არ უნდა აგვერიოს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ლაშხის თქმით, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების იურისდიქციაში საჯარო მოხელეზე აგრესიული თავდასხმა 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, თუ ეს ხდება ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად.
„ჩემი, როგორც პარლამენტის წევრისა და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის, კანონიერი ვალდებულებაა უზრუნველვყო ბავშვთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა და საერთაშორისო იურისდიქციული სტანდარტების განხორციელება. სწორედ ეს მოვალეობა და, რაც მთავარია, დედის ინსტინქტი იყო ჩემი ოფიციალური საჩივრის საფუძველი.
მაშინ, როდესაც რადიკალიზმის სისტემური აღმოფხვრა მოხდება და ყველა მსგავს შემთხვევას ექნება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება, სწორედ მაშინ მოხდება საზოგადოების გაერთიანება, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი შვილების მომავალი ნამდვილად გვაქვს კონსტიტუციურად დაცული. ამ ამორალურობას ვერ და არ დავამკვიდრებინებთ საქართველოში. ჩვენი ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ უსაფრთხო და ღირსეულ მომავალს!” - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი".
მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.