პატიმრის წამებაში ბრალდებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდებული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) დამნაშავედ ცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ალექსანდრე მუხაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაუპატიურებით დაემუქრნენ. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას აყურებინეს და დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ასევე, ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა. ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის საკმარისად ამომწურავი არ აღმოჩნდა, რის გამოც აიძულეს პატიმარი თავის დაწერილი ჩვენება შეეჭამა. შემდეგ კი დაზარალებულს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს, რაც კამერით გადაიღეს.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი არაერთხელ დაკითხეს, ასევე ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.

ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის.

ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული წამების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტზე მეგის ქარდავას, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განხილვა მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო