თაზო დათუნაშვილი - ყველას უნდა ესმოდეს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს - დღევანდელი საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოიტაცებენ ადამიანს, თუ პატრონს უნდა

ყველას უნდა ესმოდეს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს. დღევანდელი საქართველო არის ქვეყანა, სადაც ასე მოიტაცებენ ადამიანს, თუ ეს უნდა პატრონს, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანის მიმართ “აღვირახსნილი მიდგომებია”.

“საქართველოს მეტმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ ასეთი ქვეყანა არის ახლა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი საქართველო. თუნდაც, ვიღაცებს სჯეროდეთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი რაღაც ფასეულობებს იცავს, ქრისტიანულს, ოჯახის და ა.შ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს. შეიძლება, ვიღაცებმა თავის თავში ჩართონ ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმები, რომ მან (ივანიშვილს) ფული მოჰპარა, მაგრამ რა მექანიზმებიც არ უნდა ჩართოთ, ჩემო ძვირფასებო, საკუთარ თავში და როგორც არ უნდა შეეცადოთ, რომ თავი დაიცვათ საინფორმაციო ნიაღვრისგან სირაქლემას პოზაში ჩადგომით, უნდა გესმოდეთ, რომ დღევანდელი საქართველო არის ქვეყანა, სადაც ასე მოიტაცებენ ადამიანს, თუ ეს უნდა პატრონს, ამ ადამიანს აქ ძალით ჩამოიყვანენ და ყველაფერს იკადრებენ, რისი კადრებაც შეიძლება. ეს არის ქვეყანა, სადაც ასეთი აღვირახსნილი მიდგომაა”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე გამოეხმაურა საქართველო-ამერიკის დღევანდელ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა, შაბლონური წერილია და მას “ქართული ოცნება” “კაგებეს” მეთოდებით ხალხის ტვინის გამოსარეცხად იყენებს.

“ტრამპის წერილი დამოუკიდებლობის დღეს იყო შაბლონური წერილი, როგორსაც აგზავნის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძიდან მოყოლებული ყოველ 26 მაისს ამ ქვეყანაში და ამ წერილს აქვს ერთი და იგივე ღრმა დიპლომატიური შაბლონური ტექსტი, წერტილი! არაფერი არ შეცვლილა და ეს არავითარი გადატვირთვა არ არის. ამის თქმის საშუალებას ჩემი პოლიტიკური პოზიცია კი არ მაძლევს, არამედ ოფიციალური კომუნიკაცია ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ბატონი რუბიოსი, რომელმაც ცხადად და ნათლად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, თუ სად არის დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობა და შემდეგ მის დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება არა რაღაცის გადასაფარად, არამედ იმიტომ, რომ განემარტა, რომ ამ შაბლონური წერილის “კაგებეს” მეთოდებით გამოყენებას ცდილობს რუსული რეჟიმი ადამიანების ტვინის გამოსარეცხად და იმ მიზნების საწინააღმდეგოდ, რა მიზნებისთვისაც სინამდვილეში იყო გამოგზავნილი. ღიად და პირდაპირ დააფიქსირეს, თუ რა ტიპის კომუნიკაცია შედგა 22 მაისს ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან, ამით კი ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, რომ ამ ქვეყნის მმართველი არის ივანიშვილი, რომ ივანიშვილი მათ არ ელაპარაკება ფულის გამო. ხომ უნდა მოვეგოთ, ერთხელ და სამუდამოდ, ყველანი გონს და უნდა დავინახოთ, რომ ეს კაცი რაღაც ავადმყოფური ახირებით არის დაკავებული, ჰგონია, რომ მისი ფული დატყვევებული აქვს “დიფ სთეითს”. კაცი პირდაპირ გამოვიდა და ჩემი ფულის გამო ამერიკელებს არ ვხვდებიო, სანამ ფული არ გაირკვევა, საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან არ დავალაგებო, არ დაველაპარაკებიო.

ჩვენ, პოლიტიკოსებს ასეთი ვალდებულება გვაქვს - ყველას უნდა ველაპარაკოთ და ლაპარაკით გადავჭრათ საკითხები. როდესაც შენ შეერთებული შტატების საელჩოს არ ელაპარაკები და არ გინდა მოისმინო, რა გზავნილები აქვს მსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოს, რომელიც ამდენი წელი გიცავდა შენი მტრისგან, შეგაიარაღა და სახელმწიფოდ დაგაყენა, იმხელა დახმარება გამოყო შენთვის, მგონი ყველაფერი ნათელია”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა