კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დემოკრატიისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს - ეს განსხვავებული აზრის ჩახშობისთვის ხელისუფლების კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯია

საქართველოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონებთან ერთად, ეს განსხვავებული აზრის ჩახშობის, თავისუფლებების შეზღუდვისა და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცის კიდევ უფრო შევიწროების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კიდევ ერთ აგრესიულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობასა და მისი მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, ხელისუფლებამ დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნებს უნდა მოუსმინოს.

„ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში მიღებულ დასკვნებში დაადგინა, რომ მოქმედების ამგვარმა კურსმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას საფრთხე შეუქმნა. გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინოს მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, დემონსტრანტი და პოლიტიკური ლიდერი. ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების საკითხი, თუ ქვეყნის ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად. პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება